უკიდურესი გაჭირვებიდან ნობელიანტობამდე — ვანგარი მაატაის ისტორია
ვანგარი მაატაი დაიბადა 1940 წლის 1-ელ აპრილს კენიის კოლონიის ცენტრალურ მაღალმთიანეთში, ნიერის რაიონის სოფელ იჰიტეში. მისი ოჯახი კიკუიუს, კენიაში ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნებოდა, რომლის რამდენიმე თაობაც ცხოვრობდა ამ მხარეში. დაახლოებით, 1943 წელს მაატაის ოჯახი ქალაქ ნაკურუს მახლობლად, რიფტის ხეობაში, თეთრკანიანთა მეურნეობაში გადასახლდა, სადაც მამამისმა სამუშაო იპოვა. 1947 წლის ბოლოს ის დედასთან ერთად დაბრუნდა იჰიტეში, რადგან მისი ორი ძმა დაწყებით სკოლაში სწავლობდა, ხოლო ფერმაში, სადაც მამა მუშაობდა, სკოლა არ იყო. მამა ფერმაში დარჩა. ცოტა ხნის შემდეგ, რვა წლის ასაკში, ვანგარიც შეუერთდა ძმებს იჰიტეს დაწყებით სკოლაში.
11 წლის ასაკში მაატაი წმინდა სესილიას შუალედურ დაწყებით სკოლაში, სადაც 4 წლის განმავლობაში სწავლობდა. აქ მან კარგად შეისწავლა ინგლისური ენა და კათოლიციზმი მიიღო. გოგონა კლასში რეიტინგით პირველი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ კენიის გოგონების ერთადერთ კათოლიკურ საშუალო სკოლაში მიიღეს. აღმოსავლეთ აფრიკის კოლონიალიზმის დასასრულის მოლოდინში კენიელი პოლიტიკოსები, მათ შორის, ტომ მბოია, ეძებდნენ გზებს, რომლებითაც პერსპექტიული სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა დასავლეთის ქვეყნებში განათლების მიღება. ჯონ კენედი, მაშინ შეერთებული შტატების სენატორი, დათანხმდა ჯოზეფ პ. კენედი უმცროსის ფონდის საშუალებით დაეფინანსებინა მსგავსი პროგრამა — ინიციატივა, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც “The Kennedy Airlift” ან “Airlift Africa”. მაატაი იყო ერთ-ერთი იმ 300 კენიელიდან, ვინც 1960 წლის სექტემბერში შეერთებულ შტატებში სასწავლებლად აირჩიეს.
მან მოიპოვა სტიპენდია მაუნთ სენტ-შოლასტიკას კოლეჯში, კანზასში, სადაც მისი ძირითადი საგანი ბიოლოგია იყო, დამატებითად კი, ქიმიასა და გერმანულს სწავლობდა. მას შემდეგ, რაც 1964 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი მეცნიერების განხრით, მან სწავლა გააგრძელა პიტსბურგის უნივერსიტეტში, ბიოლოგიაში მაგისტრის ხარისხის მისაღებად. აქ ის პირველად ეზიარა გარემოსდაცვით რესტავრაციას, როდესაც ადგილობრივი გარემოს დამცველები ცდილობდნენ, გაეწმინდათ ქალაქი დაბინძურებული ჰაერისგან. 1966 წლის იანვარში მაატაიმ მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიოლოგიურ მეცნიერებებში და დაინიშნა ნაირობიის საუნივერსიტეტო კოლეჯის ზოოლოგიის პროფესორის სამეცნიერო ასისტენტის თანამდებობაზე. კენიაში დაბრუნებისთანავე მან ამჯობინა, გამოეყენებინა დაბადების სახელი ვენგარი მუტა. როდესაც ის უნივერსიტეტში ახალი სამსახურის დასაწყებად მივიდა, შეატყობინეს, რომ ამ ადგილას უკვე სხვა იყო დანიშნული. მას სჯეროდა, რომ ეს გენდერული და ტომობრივი მიკერძოებით იყო განპირობებული. სამუშაოს ორთვიანი ძებნის შემდეგ პროფესორმა რეინოლდ ჰოფმანმა, გერმანიის გისენის უნივერსიტეტიდან, მას სამეცნიერო ასისტენტის თანამდებობა შესთავაზა ვეტერინარული ანატომიის ახლად დაარსებული დეპარტამენტის მიკროანატომიის განყოფილებაში, ვეტერინარული მედიცინის სკოლაში, ნაირობის საუნივერსიტეტო კოლეჯში. 1966 წლის აპრილში გოგონამ გაიცნო კენიელი წარმოშობის მვანგი მატაი, რომელიც, ასევე, ამერიკაში სწავლობდა და მომავალში მისი მეუღლეც გახდა. მან დაიქირავა პატარა მაღაზია ქალაქში და დააარსა უნივერსალური მაღაზია, სადაც მისი დები მუშაობდნენ. ერთ წლის შემდეგ იგი დოქტორის ხარისხის მისაღებად გაემგზავრა გერმანიაში, გისენის უნივერსიტეტში.
1969 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა ნაირობიში, რათა სწავლა ნაირობის საუნივერსიტეტო კოლეჯში ლექტორის თანაშემწედ გაეგრძელებინა. მაისში მან და მვანგი მატაიმ იქორწინეს. იმავე წელს ის დაორსულდა თავის პირველ შვილზე, მისმა მეუღლემ კი, პარლამენტში ადგილის მისაღებად იყარა კენჭი, მაგრამ მცირე სხვაობით წააგო. არჩევნების მსვლელობისას ტომ მბოია მოკლეს. ამან განაპირობა ის, რომ პრეზიდენტმა კენიატამ ეფექტურად დაასრულა მრავალპარტიული დემოკრატია კენიაში. ცოტა ხნის შემდეგ დაიბადა მისი პირველი ვაჟი, ვავერუ. 1971 წელს იგი გახდა პირველი აღმოსავლეთ აფრიკელი ქალი, რომელმაც მიიღო დოქტორის ხარისხი, სადოქტოროთი ვეტერინარულ ანატომიაში ნაირობის უნივერსიტეტის კოლეჯში. მაატაის ქალიშვილი, ვანჯირა, 1971 წლის დეკემბერში დაიბადა.
1977 წელს მაატაიმ დააფუძნა მწვანე ქამრის მოძრაობა, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხეების დარგვაზე, გარემოს დაცვასა და ქალთა უფლებებზე ფოკუსირდებოდა. 1984 წელს მას მიენიჭა ჯილდო „სწორი ცხოვრების სტილი“ „კენიის ეკოლოგიური დებატების ტყის ხელახალი განაშენიანების მოქმედებად გარდაქმნისთვის”. მაატაი იყო კენიის პარლამენტის წევრი და 2003 წლის იანვრიდან 2005 წლის ნოემბრამდე, პრეზიდენტ მვაი კიბაკის მთავრობაში ეკავა მინისტრის თანაშემწის თანამდებობა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებში. 2004 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების დარგში და პირველი აფრიკელი, ვისაც ნობელის აღნიშნული პრემია გადაეცა. ის აქტიურად იბრძოდა კენიაში დემოკრატიის განვითარებისათვის. მაატაი გარდაიცვალა საკვერცხის სიმსივნის მიერ გამოწვეული გართულებებით, 2011 წლის 25 სექტემბერს.