“აპარატი არის უშეცდომო” – “ხმები იქნება დაცული, იქნება ფარული კენჭისყრა” – რას ამბობდნენ არჩევნების შედეგამდე სალომე ზურაბიშვილი და ნიკა გვარამია

ოპოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და საპროტესტო აქციებს იწყებს.
ოპოზიციის ლიდერები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, შესაბამისად მიღებულ შედეგს არ მიიღებენ.

მაგალითად, “ახალის” ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბება ელექტრონული ტექნოლოგიებს საშუალებით შეიძლება მომხდარიყო.

თუმცა მანამდე, გვარამია ამტკიცებდა, რომ ელექტრონული აპარატები უშეცდომოა.

“აპარატი არის უშეცდომო, ვერავინ ვერაფერს გაგიკონტროლებთ, უსაფრთხოა სრულიად”, – ამბობდა გვარამია.

მას შემდეგ რაც “ქართულმა ოცნებამ” ხმების უმრავლესობა მიიღო, გვარამიამ რიტორიკა შეცვალა და აცხადებს რომ არჩევნები გაყალბდა.

„საქართველოში ჩატარდა ტექნოლოგიური სპეცოპერაცია და ხელისუფლებამ არჩევნები მოიპარა”, – ამბობს “ახალის” ლიდერი.

ელექტრონული აპარატების უსაფრთხოებაზე საუბრობდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტი საზოგადოებას არჩევნებში აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდებდა და ამბობდა, რომ გაყალბება შეუძლებელი იყო.

„ნუ გეშინიათ, თავისუფლების არასოდეს უნდა გეშინოდეთ. ხმები იქნება დაცული, იქნება ფარული კენჭისყრა. ის ხმები, ჭორები, რომ ეს აპარატი რაღაცას მოიცავს და შეიძლება იცოდნენ ვის აძლევ ხმას, ჭორებია იმისთვის, რომ ხალხში გაჩნდეს ეჭვი და შიში. ეს არის ისეთ ელექტრონული პროცედურები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს და საერთაშორისო კომპანია არ წავა იმაზე, რომ თავისი რეპუტაცია საქართველოს გულისთვის დააყენოს კითხვის ქვეშ“, – განაცხადა პრეზიდენტმა, 22 ოქტომბერს.

არჩევნების შემდეგ კი, 27 ოქტომბერს ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

„ეს იყო დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ გაეთეთრებინათ გაყალბება. ჩვენ რეალურად ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები