“ხალხის მიერ მძლავრად დემონსტრირებული მხარდაჭერა საშუალებას მისცემს სახელმწიფო სტრუქტურებს, უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ დესტრუქციულ ძალებს, რომლებსაც სახელმწიფოს და კონსტიტუციის აყირავება სურთ” – ანჯაფარიძე

“დარწმუნებული ვარ, თუ ყველა არა, უმრავლესობა დაძაბული უყურებს არჩევნების შემდეგ განვითარებულ პროცესებს და სპირალისებრად აღმავალ დაძაბულობას”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, “ხალხის მიერ მძლავრად და მრავლად დემონსტრირებული მხარდაჭერა საშუალებას მისცემს სახელმწიფო სტრუქტურებს, უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ იმ დესტრუქციულ ძალებს, რომლებსაც სახელმწიფოს და კონსტიტუციის აყირავება სურთ”.

“ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილში, რომელმაც ამ არჩევნებში მხარი დაუჭირა მმართველ პარტიას (1 მილიონზე მეტი ვართ), შესაძლოა დამკვიდრდეს მოსაზრება, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები ფორმაში არიან და არ დაუშვებენ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას – მარტივად კი მორიგ „ფერად რევოლუციას.“ შესაბამისად, შეგვიძლია სახლებში მშვიდად ვადევნოთ თვალი ტელევიზორს არაფერი მოვიმოქმედოთ და ბურთი და მოედანი მათ დავუთმოთ.

რამდენად გამართლებულია ასეთი ქცევის წესი იმ დროს, როდესაც მეორე მხარე გარე მხარდაჭერით, აქტიურად და ძალისმიერად ცდილობს მისთვის სასურველი რეალობა შექმნას ქვეყანაში? ჩემი აზრით, არაა გამართლებული და შევეცდები ავხსნა თუ რატომ.

სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის, სამართალდამცავებში, მუშაობენ ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც პატიოსნად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. თუმცა, კრიტიკულ მომენტებში და ახლა სწორედ ასეთი მომენტია, მათ აუცილებლად სჭირდებათ ხალხის მხარდაჭერა, იმიტომ ხალხია ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო.

ხალხის მიერ მძლავრად და მრავლად დემონსტრირებული მხარდაჭერა საშუალებას მისცემს სახელმწიფო სტრუქტურებს, უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ იმ დესტრუქციულ ძალებს, რომლებსაც სახელმწიფოს და კონსტიტუციის აყირავება სურთ”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები