“დაძაბულობის ყველაზე ცხელი კერა იყო ისანი; მივაკვლიეთ, რომ საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ახმეტიდან ჩამოსული, “ნაცმოძრაობის” ზონდერები” – მდინარაძე

“ჩვენ მივაკვლიეთ, რომ ისნის საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ახმეტიდან ჩამოსული “ნაცმოძრაობის” ზონდერები,” – ამის შესახებ “ქართული ოცნების”  ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ  ბრიფინგზე განაცხადა.

“ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს მინდა, მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ რაზეც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, მათ თქვეს, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული. რა თქმა უნდა, შენიშვნებიც ჰქონდათ, მაგრამ მათ, საბოლოო ჯამში, აღიარეს არჩევნების ლეგიტიმურობა და თქვეს, რომ დიახ, ეს იყო კონკურენტული არჩევნები. მადლობა ამისთვის, ამ უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, საბოლოო ჯამში მათ ასეთი პოზიტიური განცხადებები გააკეთეს.

სხვათა შორის, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, ეუთო/ოდირის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, იმ ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით შემდეგ დააკონკრეტა, რომ ეს იყო მარნეულის შემთხვევა და აქ იქნება უმკაცრესი რეაგირება ზუსტად ვიცი. შეწყდა კენჭისყრა, გაუქმდა ამ უბნის შედეგები. ერთი ადამიანის მიერ განმეორებით კენჭისყრაზე რომ იყო საუბარი, ამაზე საერთოდ გამოირიცხა ეჭვი, იმიტომ, რომ მარნეულის შემთხვევაზე მიუთითა იმ ადამიანმა.

სხვა შემთხვევებზე მიგანიშნებთ, ერთადერთი შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც რამდენიმე ბიულეტენი ერთად გადასცა კომისიის წევრმა ამომრჩეველს, მტკიცებულებები უკვე წარმოდგენილია. ეს ერთადერთი შემთხვევა შეეხებოდა გახარიას პარტიის წარმომადგენელს, სამი ბიულეტენი, ფოტომასალა არსებობს, სამივეში მონიშნული იყო გახარიას პარტია და მეორე ე.წ. ჩაყრა, რომელზეც საჩივარი დაიწერა ჩვენი მხრიდან და ეკუთვნოდა “ლელოს” წარმომადგენელს, ეს იყო სულ. თუკი რაიმე მტკიცებულება არსებობს, ორი სამიდან – არის გახარიას და “ლელოს” პარტიის წარმომადგენლებზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც არ გახმოვანებულა და პირველად ამას მე გავაკეთებ, დაძაბულობის ყველაზე ცხელი კერა იყო ისანი. რა ხდებოდა ისანში – ჩვენ მივაკვლიეთ, რომ ისნის საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ახმეტიდან ჩამოსული “ნაცმოძრაობის” ზონდერები. ახლა გაგვცეს პასუხი ხაბეიშვილმა, “ნაცმოძრაობამ,” გვარამიამ, რას აკეთებდნენ ახმეტის მაცხოვრებლები, ზონდერ ჯგუფები 30-40 კაციანი შემადგენლობით ისნის საარჩევნო უბანზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები