დაიბადა სიღნაღის რაიონის სოფელ მაშნაარში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1999 წლიდან მუშაობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
წერს ბავშვობიდან, მეტწილად – ლექსებს, აქვს პროზაული ჩანაწერებიც. მისი ნაწერები დაიბეჭდა რამდენიმე ჟურნალ-გაზეთსა და კრებულში. – პედაგოგის და პოეტის, შორენა ჩახნაშვილის პერსონა.
– მაშნაარი… მე ამომავალი მზის ქვეყანას ვეძახი და სამყაროს ცენტრს. იქნებ გაგეცინოთ, მაგრამ ჩემთვის ასეა. ბავშვობისას ჩემი ოჯახი ოთხ წევრს მოითვლიდა, თუმცა მაშინ სხვანაირი ურთიერთობები იყო. არა მარტო სანათესავოს, სამეზობლოსაც ოჯახის წევრებისგან არ ვარჩევდით, ყოველდღიური მიმოსვლა გვქონდა, ასე რომ, დედას, მამას, ჩემი დისა და ჩემ გარდა ჩვენს ოჯახში ითვლებოდნენ, ბებია, ძია, პაპიდა, მამიდები, ბიძა-ბიცოლები, ყველა თანატოლი კი ჩვენი ბიძაშვილი იყო. ეს ურთიერთობები ისე ავსებდა ყოველდღიურობას, ახალი ინტერესების ძებნა აღარ გვჭირდებოდა.
– სკოლა… პირველი ლექსები რაზე იყო?
– სკოლაში 6 წლის ასაკში მიმიყვანეს, თუმცა მანამდეც მიმიწევდა გული. ერთი წლით უფროსია ჩემი და. ყოველ დილით მის ჩანთას მოვიკიდებდი და „მე სკოლაში მივდივარ“-ის ღიღინით მივაცილებდი ნანას სკოლისაკენ. ბავშვობისას ლექსებს ვიგონებდი და ზეპირად წარმოვთქვამდი. კი არ მახსოვს, რის შესახებ, ის კი მახსოვს, ხშირად ვიჯექი ფანჯრის რაფაზე და უსასრულოდ ვამბობდი ლექსებს, რის გამოც „გიჟპოეტა“ შემარქვეს.
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრეთ. რატომ ფილოლოგია? რას გაიხსენებთ სტუდენტობიდან?
– დღეს ზუსტად ვიცი, რომ ფილოლოგი ღვთის ნებით ვარ. უცხო ენების ფაკულტეტზე სწავლა ოცნებად მქონდა. ჩემი და აბარებდა ფილოლოგიურზე და რადგან ვთვლიდი, რომ მზად არ ვიყავი საგამოცდოდ, გადავწყვიტე, გამომეცადა თავი და მენახა, როგორი იყო გამოცდები. დასთან ერთად ფილოლოგიურზე შევიტანე საბუთები, წარმატებით გავიარე გამოცდები და ასე გავხდი სტუდენტი.
ძალიან მძიმე პერიოდი იყო, 90-იანი წლები. ყოფით პრობლემებს მეგობრებთან ურთიერთობა ალამაზებდა. ვერავინ დამაჯერებს, რომ ცხოვრების რომელიმე ეტაპი ვინმესთვის აბსოლუტურად კარგი ან ცუდი შეიძლება იყოს, ყოველ ასაკს ახლავს ტკივილი და სიხარული.
– შთაგონება?
– ვინც წერს, აუცილებლად სჭირდება თავისუფალი დრო. ძალიან ძნელია წერა ყოფით პირობებში. სამსახური, ოჯახის საჭიროებები იმდენ დროს მოითხოვს. მომენტალურად რომ წაგიღებს საფიქრალი, მერე ფრაზები მიეწყობა ერთმანეთს და ჩაწერას რომ დააპირებ, ან საქმე გეძახის, ან ვინმეს სჭირდება დახმარება და იმ დაწყობილი ფრაზებიდან აღარაფერი გრჩება. უკანასკნელ პერიოდში ამის გამო იკლო ჩემმა ჩანაწერებმა და რასაც ვიწერ, ან დიქტოფონით, ან მობილურის კლავიატურაზე, შუაზე გაწყვეტილ ლექსზე საცოდავი კი, მეეჭვება იყოს რამე.
– „ჩვენ ახლა გვძინავს და სიმშვიდე, ღმერთო, გვაშორე!/ ვინ ვართ, რანი ვართ, დავივიწყეთ, გულად ვდედლდებით“, – ეს თქვენი ლექსის სტრიქონია. ილიასთან გადაძახილი: „სულ ძილი, ძილი“… ერის მანკიერებანი…
– ყველაზე დიდი მაგალითი, უფალმა რომ მოგვცა, მსხვერპლად მისვლის უნარია. ასე იბადებიან გმირები და იმიტომაცაა საუკუნეში თითო, რომ გულგრილები გავხდით, საკუთარი ქერქის იქით არ ვიხედებით, სხვის ჭირს ვერც ვამჩნევთ, ამიტომაც გავთითოკაცდით, მადლი კი, როგორც ილია ამბობს, ორს შუა საქმობს, თუ ან გამცემი არაა, ან მიმღები, მადლიც არ ხდება და უმადლობა ღუპავს ქვეყანას, ერთმანეთის ვერცნობისა და ეგოისტურ „მე“-ში გამომწყვდევის ჭირი.
– შთაგონება… რა გაწერინებთ?
– ბევრი მეუბნება, ძნელი გასაგებია შენი ნაწერები, რამდენჯერმე უნდა გადაკითხვა, თან სულ სევდიანია და მძიმეო. ალბათ მასეცაა…რა მაწერინებს და ცოტა სიხარული, ხანგრძლივად ნაგროვები ემოცია, ქვეყნის ჭირი და ადამიანთა სევდა, კი ვიტყვი ხოლმე, რომ ზემოდან მაწვალებენ… რას გაუგებ, რა ვიცი, აბა?
– პოეზია…
– ჩემი თუ სხვისი პოეზია თავშესაფარია ჩემთვის. ისევეა, როგორც უფლის წინაშე ნათქვამი აღსარება, გულიდან ამოღებული, მოურიდებლად, დაუფარავად.
– ყველაზე დიდი ტკივილი…
– ტკივილი და ცრემლი ძნელია გასაზიარებლად, მაგრამ რომელს შეიძლება დაერქვას „ყველაზე დიდი“? ჩემი პატარა ტკივილით დავიწყებ, მარტოკაცის უმწეობის შიშით, გულგრილ ქვეყანაზე რომ ცდილობს თავის გატანას…და თავს იმით დავიმშვიდებ, რომ ქუჩაში არ ვდგავარ ხელგაწვდილი, არ ვარ პარალიზებული, არ ველი ყოველ წუთს ბომბის ჩამოვარდნას და ჩემი მოყვასი თუ იტანს ამ ყოველივეს, ჩემს პატარა ტკივილს მეც უნდა გავუძლო…
ურაპატრიოტობას, იმედია, არ დამაბრალებთ, თუ ვიტყვი, რომ ვტირი, როდესაც მოსწავლეებს ვუხსნი, რატომ ვერ შეძლებენ ქსნის ერისთავთა სასახლის მონახულებას, რადგან გული ამოგვაგლიჯეს და თითქმის შუაზე ვართ გაწყვეტილი…თქვენ მითხარით, რომელია აქ ჩამოთვლილთაგან ყველაზე დიდი ტკივილი, მე მიჭირს გამორჩევა…
– ეთანხმებით ზოგიერთი პოეტის აზრს, რომ ლექსებს ბედნიერები არ წერენ?
– ბედნიერებასაც ექნება თავისი სათქმელი, მაგრამ „ოთარაანთ ქვრივისა“ არ იყოს, ადამიანს ვარამი და ჭირი ალაპარაკებს… ლხინს რა ლაპარაკი უნდა? ძაღლს რომ უხარიან, კუდის ქნევითაც იტყვის ხოლმე.
– სიყვარული არის… დაასრულეთ…
– მაგდენი არ ვიცი, უფრო დიდი გონი და გული უნდა მაგის მიხვედრას. ყველას რომ უნდა, ცხადია და თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს, გოდერძი ჩოხელისგან მსმენია.
– ერთი ლექსი…
– რაკი ლექსიო, ეს გამახსენდა…
თუ..
თუ ვეღარ დავწერ ლექსს სადღეგრძელოდ
და ჩამიწყდება სიმები გულში,
ვეღარ გავიტან ვერასდროს ლელოს,
გადავივიწყებ, ვინ ვიყავ გუშინ,
აღარ მომაწვდის ზეცა პირნაბანს,
არც შუბლზე ძარღვი გამენასკვება,
არ დამახურავს დედა თბილ საბანს,
ნაჯაფარ მჯიღზე ქერქი დასკდება,
არ მომიყვება წარსულის ხსოვნა
სიყვარულს, ძმობას და თავდადებას,
არ შემომრჩება ზეცის სახსოვრად
ედემით უფლის გამოცხადება, –
მაშ, რაღად ვლახავ მიწას, მადლიანს,
რიღასთვის ვაცდენ სიცოცხლეს, ნარცხვენს,
თუ ყველა ბიჯი უხმო დარდია,
რაც მოვიყვანეთ, ვლეწეთ და ვფარცხეთ,
რა გააქარვებს ნაღველს, ჩაწოლილს,
სირცხვილის ლაქებს რაღა გაფანტავს,
ნამუსს დაიცავს, ასგზის აწონილს
და გზაარეულს, როგორც საფანტავს?!
– როგორც ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელს, რა გაწუხებთ დღევანდელ სკოლაში?
– ბევრია სათქმელი, თუმცა როგორც ქართულის მასწავლებელს მაწუხებს, რომ ქართველობა ოჯახებიდან თუღა მოსდევთ ბავშვებს, თორემ სკოლა საამისო სწავლებას აღარ აწვდით. ქართული ცნობიერების შესანარჩუნებლად ინდივიდუალურად თუ არ ვეცადეთ, ეროვნული ღირებულებებისგან საგნობრივი პროგრამები გაწმენდილია… ცარიელი ადამიანების სამჭედლოა სკოლა. იმედია, მუქ ფერებში ვხედავ და ასე მხოლოდ მეჩვენება.
– რას ასწავლიდით თქვენს მოსწავლეებს (რომელიც პროგრამაში არ არის), თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული?
– წლების წინ საპროგრამო საგნები იყო რელიგია და მითოლოგია. რომ გააუქმეს, მოსწავლეების თხოვნით, გაკვეთილების ბოლოს ჩავსვით საგანი „ხუცური“, რომელზედაც რჩებოდნენ ნებაყოფლობით, სწავლობდნენ ძველქართულად კითხვას, ვკითხულობდით თავებს სახარებიდან და ვეცნობოდით წმინდანთა ცხოვრებას. ამ სტიმულით ბავშვებმა სოფლის უმოქმედო ტაძარში დაიწყეს სიარული, მისი დასუფთავება და მოწესრიგება. შინაგანად ანათებდნენ ბავშვები. ის დრო მენატრება. უფრო მარტივად რომ გიპასუხოთ, სიყვარულის სწავლებაზე დიდი საქმე არ მეგულება, ვინც როგორ შევძლებთ, ისე უნდა ვეცადოთ.
– ჰობი…
– ალბათ მოგზაურობა, რამდენს ჩამოვთვლიდი, მაგრამ ეს ერთი დღემდე შემომრჩა.
– ოჯახი…
– ოჯახი? მე და ჩემი მოხუცები…
– სამომავლო გეგმები…
– ღმერთმა შემაძლებინოს, რაც მევალება, მასზე უკეთ ვერც დავგეგმავ და ვერც შევასრულებ. მისივე ნებაა, დღეს თქვენ რომ გესაუბრებით. ყოველი კაცის პირით უფალი გვეცხადება. დაგლოცოთ ღმერთმა და ხელი მოგიმართოთ ყველა კეთილ საქმეში.
თამარ შაიშმელაშვილი