ირაკლი ღარიბაშვილი: ბუნებრივია ოპოზიციამ იცის, რომ მარცხდება და მე მათ ვურჩევდი, რომ შეეგუონ ამ მორიგ დამარცხებას

„დიდი ხანია ოპოზიციაზე ჩვენი ჩამოყალიბებული აზრი გვაქვს. ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად ნახა, რომ ოპოზიცია არასდროს ხალხის ინტერესებზე არ ზრუნავს. მათი მთავარი მისია ჩვენს ქვეყანაში უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარებაა. ისინი საქართველოს ინტერესებზე არ ზრუნავენ. ბუნებრივია იციან, რომ მარცხდებიან – მარცხდებიან მორიგ ჯერზე და მე მათ ვურჩევდი, რომ შეეგუონ ამ მორიგ დამარცხებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანთან ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ხმას მშვიდობას მისცემს.

„არ მეგულება ადამიანი, რომელიც ხმას არ მისცემს ჩვენი ქვეყნის მშვიდობას და განვითარებას. ვიცით, რომ შეიძლება, ბევრი ადამიანი შეცდომაში იყოს შეყვანილი იმ პროპაგანდის გამო, რომელიც მიმდინარეობს ტელევიზიების საშუალებით და ცრუ ოპოზიციის ტყუილებით. წლების განმავლობაში მიმდინარე ცრუ კამპანიებმა შესაძლოა მათზე გავლენა იქონია, მაგრამ მჯერა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ხმას მისცემს მშვიდობას და ქვეყანა გაიმარჯვებს. გირჩევთ ყველას, რომ შეეგუოთ ჩვენი ხალხის გამარჯვებას, მშვიდობის გამარჯვებას, სიმართლის გამარჯვებას და ომის და ბოროტი ძალების დამარცხებას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები