მამუკა მდინარაძე: თუ ის კადრები ნამდვილია, რაც ვრცელდება მარნეულიდან, პირობას ვაძლევ, რომელიც პარტიის თუ „ენჯეოს“ წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, დაისჯება უმკაცრესად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სქემაში მიიღებს მონაწილეობას

თუ ის კადრები ნამდვილია, რაც ვრცელდება მარნეულიდან, პირობას ვაძლევ, რომელიც პარტიის თუ „ენჯეოს“ წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, დაისჯება უმკაცრესად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სქემაში მიიღებს მონაწილეობას, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ, მარნეულშია გადაღებული და რომელშიც საარჩევნო ურნაში ბიულეტენების ჩაყრაა ასახული.

„თუ ის კადრები ნამდვილია, რაც ვრცელდება მარნეულიდან, ჩვენ ამის მოკვლევას კიდევ ვატარებთ, თუ ეს კადრები ნამდვილია, პირობას ვაძლევ, რომელიც პარტიის თუ „ენჯეოს“ წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ჩვენი იქნება თუ სხვისი, არ აქვს მნიშვნელობა, დაისჯება უმკაცრესად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სქემაში მიიღებს მონაწილეობას.

წარმოუდგენელია, რომ კამერების წინ დადგეს ადამიანი, ერთ მეტრში კამერა უღებდეს და უბანზე, სადაც არ არის ელექტრონული არჩევნები, ყრიდეს ბიულეტენებს. შეუძლებელია, რომ ვერ ხედავდეს [რომ იღებენ]. ანუ ეს არის სპეციალურად გაკეთებული. სამწუხაროდ, თუ ეს კადრები ნამდვილია და ახალია, იქ მონაწილეობას იღებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი საარჩევნო უბანზე და იმის გამო, რომ ჩვენი ღრმა რწმენით, ის იღებს მონაწილეობას ქვეყნის არევის გეგმაში, რომ ეს კადრები გავრცელდეს და შემდეგ ლეგიტიმაციის პრობლემები იყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან ასევე გაიხსენა, რომ აღნიშნული სქემის დაგეგმვის შესახებ მან საზოგადოებას ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგებზე მიაწოდა ინფორმაცია.

„რამდენიმე დღის წინ მე ჩავატარე ბრიფინგი მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი პუნქტი, რაც მაშინ საზოგადოებას წინასწარ მოვუყევი, იყო გავრცელებული ინფორმაცია , რომელიც მოდიოდა „ნაცმოძრაობიდან“, რომ ისინი აპირებდნენ ადამიანების მოსყიდვას საიმისოდ, რომ შემდეგ მომხდარიყო ვიდეოკადრების გავრცელება. ანუ სქემა იყო ასეთი, რომ უნდა მოეძებნათ ვინმე „ქართული ოცნების“ რიგებში ვინმე, ვისაც გადაუხდიდნენ ფულს და თქვენ შეგიძლიათ, ეს კადრები ამოიღოთ, რომელიც შემდეგ სხვა დაარწმუნებდა ან თვითონ გააკეთებდა ამას, რომ ჩაყრიდა ან შეაცურებდა ბიულეტენებს საარჩევნო ურნაში ან ელექტრონულ აპარატში. ამას შემდეგ გადაიღებდა ვინმე კვლავ „ნაცმოძრაობიდან“ და ეს ვიდეო კადრები გავრცელდებოდა და იქნებოდა ასეთი პროვოკაცია დადგმული. ერთი ერთში, როგორც იმ დღეს ვილაპარაკე, დადასტურდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები