ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ მიზანმიმართულად ვთქვით უარი ტყუილზე და ამ გზით მხარდაჭერის გაზრდაზე – „ქართულმა ოცნებამ“, ყველა სხვა პოლიტიკური ძალისგან განსხვავებით რთული გზა აირჩია და საზოგადოების ნდობის მოპოვებას ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით ვცდილობთ!
დღეს, ერთადერთი გზა, რომელმაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა შეიძლება მოგიტანოს სიმართლე და ქვეყნისთვის გაკეთებული საქმეა! მხოლოდ ლამაზი სიტყვებით საუბარი მარტივია, თუმცა, თუ ამ სიტყვებს საკუთარი საქმიანობით არ ამყარებ, ყოველი მათგანი ფუჭია! ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმატების ერთ-ერთი გასაღებიც სწორედ ეს არის. ჩვენ მიზანმიმართულად ვთქვით უარი ტყუილზე და ამ გზით მხარდაჭერის გაზრდაზე. „ქართულმა ოცნებამ“, ყველა სხვა პოლიტიკური ძალისგან განსხვავებით რთული გზა აირჩია და საზოგადოების ნდობის მოპოვებას ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით ვცდილობთ! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორ ივანიშვილმა აღნიშნა, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, მაშინ, როდესაც კრიტიკულად მოაზროვნე ქართულ საზოგადოებას შეუძლია მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან და თავად გააანალიზოს, რა არის სიმართლე, ვეღარავინ ახერხებს ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანას და საქართველოს არაკეთილმოსურნეების ინტერესების განხორციელებაც შეუძლებელი გახდა.
„ყველაზე უკეთ თქვენ გახსოვთ, უცხოელი პატრონებისგან დაფინანსებულმა და წაქეზებულმა პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მედიასაშუალებებმა, როგორ შექმნეს პარალელური რეალობა, თითქოს, 2003 წლის ნოემბრის მოვლენები არა ქვეყნის გარეთ ადგილობრივი და საგარეო აქტორების მიერ დაიგეგმა, არამედ მოსახლეობაში არსებული უკმაყოფილება რევოლუციურ განწყობებში გადაიზარდა, პროცესი კი წალენჯიხაში დაიწყო და პირველი ნაბიჯებიც იქ გადაიდგა, რასაც მთელი საქართველო შეუერთდა.
ზუსტად იგივე ძალებს დღესაც იგივე სურვილი აქვთ – უცხო ძალების ინტერესების შესაბამისად, ისევ სიცრუისა და პროპაგანდის გამოყენებით, ყალბი სიმბოლოების შექმნით საზოგადოების დაყოფითა და დაპირისპირებით უნდათ ხელში აიღონ ძალაუფლება, შემდეგ კი კიდევ ერთხელ გამოგვატარონ ის უბედურება, რაც საკუთარ თავზე უკვე გამოვცადეთ. მიუხედავად მათი სურვილისა, დღეს ამის განხორციელების არავითარი შესაძლებლობა არ აქვთ და ამის მთავარი მიზეზი ქართველი ხალხია! თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, მაშინ, როდესაც კრიტიკულად მოაზროვნე ქართულ საზოგადოებას შეუძლია მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან და თავად გააანალიზოს, რა არის სიმართლე, ვეღარავინ ახერხებს ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანას და საქართველოს არაკეთილმოსურნეების ინტერესების განხორციელებაც შეუძლებელი გახდა!“ – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.