პატიმარი N26389 აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკიდან
აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილი ადამიანების პირადი ისტორიების მოყოლა ან მოსმენა ხშირად ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ამდენი წელი გავიდა, ეს ის მასობრივი და ხანგრძლივი ტრაგედიაა, რომელსაც კაცობრიობა ვერასდროს დაივიწყებს.
რთულია იმის წარმოდგენა, თუ როგორი საშინელი წუთების, საათების, თვეების გადატანა მოუწია თითოეულ მათგანს. რამდენიმემ წარმატებით შეძლო გაქცევა, ზოგი გაქცეული უკან დააბრუნეს, ზოგი მოკლეს, ზოგმა კი ბოლოს და ბოლოს მოიპოვა თავისუფლება, თუმცა გზა, რომელიც თითოეულმა მათგანმა გაიარა, ძალიან, ძალიან მძიმეა.
მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში ნაცისტებმა აუშვიცის ბანაკი გაანადგურეს, რათა იქ არსებული დოკუმენტები და მტკიცებულებები სხვის ხელში არ ჩავარდნილიყო. განადგურდა პატიმრების ფოტოებისა და სარეგისტრაციო ბარათების დიდი ნაწილი, ასევე სხვა მასალები. მიუხედავად იმისა, რომ აუშვიცის მემორიალურ არქივში დღესდღეობით 40 ათასამდე პატიმრის გადარჩენილი ფოტო ინახება, დატრიალებული საშინელების მასშტაბი გაცილებით დიდია.
ჩვენ უკვე მოგიყევით იანინა ნოვაკის, ჟოზეფა გლაზოვსკას, ივან რიბალკას, ვინცენს დანიელისა და პატიმარი N2731-ის შესახებ, ახლა კი, სალომონ ჰონიგზე მოგითხრობთ, რომლის შესახებ ინფორმაციაც სხვა პატიმრების ნომრებთან და პირად მონაცემებთან ერთად, ვებგვერდ facesofauschwitz-ზეა გამოქვეყნებული.
სალომონ ჰონიგი, პოლონელი ებრაელი, 1889 წლის 15 მაისს სოფელ კოლაჩიცეში, იასლოსთან ახლოს დაიბადა. იმ დროს, ავსტრიისა და უნგრეთის გაყოფის პერიოდში, იასლო პოლონეთის ტერიტორიად ითვლებოდა. დაკავების დროს იგი ცხოვრობდა მისამართზე – Folwarcznastrasse 11, ტარნოვოში. სალომონი ვაჭარი იყო. არ არსებობს არანაირი ჩანაწერი იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა მისი დაკავება. უცნობია ისიც, თუ რა ბედია ეწია მას.
ცნობილია, რომ სალომონი 1942 წლის 5 მარტს ოსვენციმის (აუშვიცის) საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. ის იმ 27 პატიმართა რიცხვში შედიოდა, რომელიც, უსაფრთხოების სამსახურის ბრძანებით, ტარნუვეს ციხიდან ოსვენციმში განამწესეს. ბანაკში რეგისტრაციისას სალომონს მისცეს ნომერი – N26389.
ჰონიგი ოსვენციმში მანამ გაგზავნეს, სანამ ნაცისტები გაზის კამერებში ებრაელების მასობრივ მკვლელობას დაიწყებდნენ. 1940 წლის ივნისიდან 1942 წლის მარტამდე ბანაკში 2000-2100 ებრაელი გაგზავნეს, რომელთა 90% მოკლეს.