“საქართველოსთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის ოპტიმალური გამოსავალი სამხრეთ კავკასიური სამეულის ზომიერი, ეკონომიკური, ინტეგრაციული მოდელია,” – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
გოგავამ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება შეაფასა.
“ბოლო 34 წლის ანალიზი გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ ის, რომ დასავლეთი არ არის დაინტერესებული იმაში, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში კონფლიქტები მოგვარდეს. ეს ეხება როგორც ყარაბაღის პრობლემას, ასევე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საკითხს. დასავლეთს არასდროს არაფერი არ გაუკეთებია იმ მიმართულებით, რომ ამ კონფლიქტების მოგვარება დაძრულიყო, 90-იან წლებში ამის სრული საშუალება ჰქონდა, რადგან რუსეთის მაშინდელი ხელისუფლება პირდაპირ ემორჩილებოდა, ფინანსურად და ეკონომიკურად მათ კმაყოფაზე იყო, მაგრამ ასეთი მცდელობები არ გვახსოვს. შესაბამისად, დასავლეთის პოლიტიკა არსებული კონფლიქტების შენარჩუნებას ეყრდნობა, თავიანთ სქემებს აქედან გამომდინარე აგებენ. ეს მიკრომენეჯმენტშიც გამოიხატება. მაგალითად, სოხუმში 10 საერთაშორისო ფონდის ოფისი მოქმედებს, რომლებიც ადგილობრივ კონტრაგენტებზე დაახლოებით 7 მილიონი დოლარის გრანტებს გასცემენ, განსაკუთრებით, ყველაზე ანტიქართულ ელემენტებს აფინანსებენ აფხაზეთში, გუდაუთაში, ბიჭვინთაში, მაგალითად, ვეტერანთა კავშირებს და ა.შ. ეს კითხვებს კი არ აჩენს, უკვე დიაგნოზია. იგივე ეხება სომხეთს და აზერბაიჯანს.
რუსეთმა ყარაბაღის პრობლემის მოგვარებას ხელი არ შეუშალა. აზერბაიჯანმა მოაგვარა. დღეს დიდი შანსია, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ურთიერთობები დაალაგონ, რასაც დასავლეთი, კონკრეტულად საფრანგეთი ეწინააღმდეგება, ახდენენ სომხეთის ისევ მილიტარიზაციას, მისთვის იარაღის მიწოდებას, რომ, ეგებ, კონფლიქტი კიდევ გააღვივონ. მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, რომ გეოპოლიტიკური პროცესების მთავარი განმსაზღვრელი გეოგრაფიაა. საქართველო კარიბჭეა სამხრეთ კავკასიის რეგიონის და არა მარტო; საქართველო 12 სახელმწიფოს (ცენტრალური აზია, ყაზახეთი, ჩინეთი, მონღოლეთი და ა.შ.) ჩამკეტია, შავ ზღვაზე გასასვლელს ვგულისხმობ. შესაბამისად, რა ვექტორითაც წავა საქართველო, იმ ვექტორით წავა სომხეთი. ესაა გეოპოლიტიკური მოცემულობა. რეგიონის დიდი სახელმწიფოები: თურქეთი, ირანი და რუსეთი უკვე შეთანხმებულები არიან, რომ სამხრეთ კავკასიაში ომის პროვოცირება არ დაუშვან, ანუ, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. სომხეთში ესმით, რომ საქართველო რასაც გადაწყვეტს, მათაც იმ მიმართულებით მოუწევთ წასვლა. ზოგადად, ან საქართველოს, ან სომხეთის ევროკავშირში პოტენციური წევრობა დიდი ტყუილია, სამი ათეული წელია გვატყუებენ. საქართველოს, ან სომხეთის ევროკავშირში მიღებას არავინ არასდროს არ აპირებდა, არ აპირებს და არც მომავალში არ დააპირებს. არც უკრაინის მიღებას არ აპირებენ. ეს ტყუილია. ტყუილი ერთ რამეს ემსახურება – გაგაკეთებინონ ის, რაც მათ ინტერესებში შედის. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, შესაბამისად, ვიმოქმედოთ. რა არის ჩვენი ინტერესი – რომ გავაანალიზოთ, არც საქართველოს, არც სომხეთის, არც აზერბაიჯანის ინტერესი არცერთი მეგაეკონომიკური გაერთიანების წევრობა არაა. ეს ეხება ევროკავშირსაც, ევრაზიის კავშირსაც, სხვა მეგაორგანიზაციებს. ამ სამი სახელმწიფოსთვის ყველაზე ოპტიმალური მოდელი სამხრეთ კავკასიური სამეულია, აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის ერთიანი ბაზარი, შემდეგ გარე მოთამაშეებთან, ეკონომიკურ ერთობებთან როგორც ერთიანი ბაზრით პოზიციონირება. ამ შემთხვევაში მეტად დაცულები ვიქნებით, საქართველოც, სომხეთიც და აზერბაიჯანიც, გარკვეულწილად, თანაბარუფლებიანი სახელმწიფოები არიან. ევროკავშირი თავიდანვე იმისთვისაა მოფიქრებული, რომ დასავლეთ ევროპული სახელმწიფოები აღმოსავლეთის ხარჯზე გამდიდრდნენ. ეს იქნება მათი წევრი სახელმწიფოები, თუ სამეზობლო. რომ შევხედოთ ბულგარეთს, რუმინეთს – 17 წელია ევროკავშირის წევრები არიან, მაგრამ ბულგარეთსა და რუმინეთში სიღარიბის დონე არის 22%, საქართველოში 15%. ევროკავშირში იმისთვის შესვლა, რომ ვიღაც გავამდიდროთ, ჩვენს ინტერესში არ შედის. არც ევრაზიის კავშირია ჩვენს ინტერესში, იქ ძირითადად, რუსეთზეა მორგებული. ამიტომ, ოპტიმალური გამოსავალი საქართველოსთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის სამხრეთ კავკასიური სამეულის ზომიერი, ეკონომიკური, ინტეგრაციული მოდელია, რასაც სამხრეთ კავკასიურ სამეულს ვუწოდებ” – განაცხადა გოგავამ.