მაია სანდუ: რუსეთმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ რუსეთის მიერ გაშვებულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია.
„მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნები შობას აღნიშნავენ, კრემლი ირჩევს ნგრევას – თავს ესხმის უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და არღვევს მოლდოვის საჰაერო სივრცეს რაკეტით. ეს არის საერთაშორისო სამართლის მკაფიო დარღვევა. მოლდოვა გმობს ამ ქმედებებს და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას“, – წერს მაია სანდუ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 25 დეკემბრის შობის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ძალებმა 70-ზე მეტი რაკეტა და 100-ზე მეტი დრონი გაუშვეს.