“მნიშვნელოვანია, რომ ყველა ინსტრუქცია, რომელიც ბუნებრივ აირზე მომუშავე დანადგარის მოხმარებას ახლავს, დავიცვათ“ – როგორია ვითარება მიმდინარე ზამთრის სეზონზე გაზის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებით

რას აჩვენებს ბუნებრივი აირის მომხმარებლების შემოწმების სტატისტიკა, როგორია ვითარება მიმდინარე ზამთრის სეზონზე გაზის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებით – ამ საკითხებზე ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ბუნებრივი აირის მიმართულებით ნაკლებად შემოდის პრობლემები წყვეტებთან და ხარისხთან დაკავშირებით. ძირითადი პრობლემები აღრიცხვიანობასთანაა დაკავშირებული. ასევე არის უსაფრთხოების პრობლემა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს ის თემაა, როდესაც თანაბარი წილი პასუხისმგებლობა მოდის როგორც კომპანიაზე, ისე მომხმარებლებზე. ქსელზე, ბუნებრივი გაზის დანადგარებზე პასუხისმგებლები მომხმარებლებიც არიან. მათი მოვლა-პატრონობა, სწორად დამონტაჟების პროცესი მათ ხელშია. გვაქვს ძალიან კარგი საპრევენციო მუხლი, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს, რომ განახორციელონ მონიტორინგი, შემოწმება მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ქსელთან დაკავშირებით. როგორც კი დადგა ზამთრის სეზონი, საქართველოს მასშტაბით სტატისტიკა გამოვითხოვეთ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ბუნებრივ აირს საკმაოდ ბევრ აბონენტს აწვდის. ჩვენ როდესაც ინფორმაცია გამოვითხოვეთ, 200 ათასი აბონენტი ჰყავდათ შემოწმებული, 27 ათას აბონენტთან სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შევიდნენ შემოწმებაზე, დაახლოებით 18 ათას მომხმარებელთან გაზი არ შეწყვიტეს, მაგრამ, ბუნებრივი გაზის დანადგარი ჩაიხსნა, რადგან საფრთხის შემცველი იყო. 1 200 აბონენტზე მეტი იყო, რომლებთანაც ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა.
“საქორგგაზშიც” ასეთი მდგომარეობაა, მათ ნაკლები აბონენტები ჰყავთ. 170 ათასი აბონენტი გადამოწმდა, დაახლოებით 10 ათასთან კომპანია ვერ შევიდა. 11 ათას აბონენტთან გაზის დანადგარი ჩაიხსნა, ხოლო 1200-1500-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი შეუწყდა, რადგან ქსელი ავარიულ მდგომარეობაში იყო.

„თბილისი ენერჯიშიც’’ დაახლოებით იგივე მონაცემებია. აქ ნაკლები რაოდენობაა, როდესაც მომხმარებელმა არ დაუშვა. თითქმის არ არის შემთხვევა, როდესაც მომხმარებლის ბრალეულობით ვერ შევიდა კომპანია შემოწმებაზე. დაახლოებით 2 ათასამდე აბონენტია, სადაც გაზის მიწოდება არ შეწყდა, მაგრამ დანადგარი ჩაიხსნა, 200-მდე აბონენტი იყო, სადაც ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. რომ არა კომპანიის ასეთი შემოწმება, ეს ადამიანები საფრთხის შემცველ გარემოში იცხოვრებდნენ.

ჩვენთან ხშირად ამბობენ, რომ ბუნებრივ აირზე მომუშავე დანადგარი 10-20 წელია არის, არაფერი არ მომსვლიაო, ეს სწორი მიდგომა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ინსტრუქცია, რომელიც დანადგარის მოხმარებას ახლავს, დავიცვათ“ – განაცხადა ნინო გულეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები