ტრამპის განცხადებების ფონზე, დანია გრენლანდიის თავდაცვას გააძლიერებს
დანიის თავდაცვის სამინისტრომ გრენლანდიის დასაცავად კუნძულზე დამატებითი შეიარაღებული ძალები განათავსა. დამატებითი ქვედანაყოფების გაგზავნის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა.
მინისტრის ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიის შეძენა სურს. ტრამპი ამის შესახებ ჯერ კიდევ პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, 2017-2021 წლებში აცხადებდა.
მედიის ინფორმაციით, მსოფლიოში უდიდესი კუნძულის დასაცავად, დანია დამატებით რამდენიმე ათეულ მილიარდ კრონს გამოყოფს. კოპენჰაგენი საპატრულო კატარღების და შორი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატების შეძენასაც გეგმავს. ასევე, გრენლანდიაში სამხედრო ძალების რაოდენობა გაიზრდება.
მანამდე, 22 დეკემბერს აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დანიაში ელჩად ბიზნესმენსა და დიპლომატს კენ ჰაუერის ნიშნავს.
„ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლად მიმაჩნია გრენლანდიაზე კონტროლი. კენი აშშ-ის ინტერესების გატარების დავალებას შესანიშნავად შეასრულებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.