“სოციალურ ქსელში პირდაპირ იგეგმებოდა – რა დესტრუქციული მოქმედებები უნდა განეხორციელებინათ, რომელი სამთავრობო შენობების ბლოკირება უნდა მომხდარიყო, ცეცხლი სად უნდა გაეჩინათ” – სოსო მანჯავიძე
“თუ საქართველოში მოხდება ანტიკონსტიტუციური ქმედებების შედეგად ხელისუფლების ცვლა რევოლუციური გზით, საქართველო აღმოჩნდება მოწყვლადი იმ გამოწვევების მიმართ, რომლებიც ყველასთვის ნათელია”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, სოსო მანჯავიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„რას აპირებდნენ, ეს [ახალაია-ბურჭულაძის] ჩანაწერითაც ნათლად ჩანს. ავთენტიკურობა ვითომ დადგენილი არ არის, მაგრამ ყველამ ვიცით განწყობები და ეს არ იმალებოდა. სოციალურ ქსელში პირდაპირ დაგეგმვა ხდებოდა – რა დესტრუქციული მოქმედებები უნდა განეხორციელებინათ, რომელი სამთავრობო შენობების ბლოკირება უნდა მომხდარიყო, ცეცხლი სად უნდა გაეჩინათ, როგორ უნდა მოეხდინათ სამთავრობო ძალების დეზორგანიზაცია და ასე შემდეგ. ამის აქტივისტებიც ნათლად ჩანან, ხომ? არც მალავენ, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ასეთ ღია საინფორმაციო სივრცეში აგეგმარებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. მათ ამავე დროს ჰგონიათ, რომ ამაზე არ დადგება პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და მთელი სიმკაცრით რომ არ დადგა, ეტყობა, იმით არიან გათამამებულები.
ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ საფრთხეებს – იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში მოხდება ანტიკონსტიტუციური ქმედებების შედეგად ხელისუფლების დეზორგანიზაცია და მით უმეტეს, ხელისუფლების ცვლა რევოლუციური გზით, საქართველო აღმოჩნდება მოწყვლადი იმ გამოწვევების მიმართ, რომლებიც ყველასთვის ნათელია დედამიწაზე მიმდინარე გეოპოლიტიკური გადანაწილებიდან გამომდინარე”, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ.