შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ მოგვაგებინეთ დიდი ქალაქი, რომ შემდეგ მოვაწყოთ ობსტრუქცია – წალენჯიხის მერი რომ გაიფიცა, ასე გაიფიცოს თბილისის მერი და ობსტრუქცია მოუწყოს საკუთარ ქალაქს
თვითმმართველობის არჩევნებს ისეთი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს. საქმე ეხება კომუნალურ საკითხებს, გზას, სკვერებს, სპორტულ მოედნებს და ა.შ., რომელიც რადიკალურ ოპოზიციას არ აინტერესებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ მოგვაგებინეთ დიდი ქალაქი, რომ შემდეგ მოვაწყოთ ობსტრუქცია. წალენჯიხის მერი რომ გაიფიცა, ასე გაიფიცოს თბილისის მერი და ობსტრუქცია მოუწყოს საკუთარ ქალაქს. ამას ამბობენ, რომ მოგვაგებინეთ რომელიმე ქალაქი, რომ შემდეგ ავდგეთ და შევუქმნათ პრობლემები სახელმწიფოს.
რადგან კომუნალურ საკითხებს ეხება თვითმმართველობა მათ უნდა ჩაკეტონ წყალი, ამოთხარონ ორმოები გზაზე და სკვერში აყარონ ბალახი. ამას გულისხმობენ, რომ ობსტრუქციას მოაწყობენ, გაუსაძლის პირობებს იმისთვის, რომ მთავრობა შეწუხდეს. ადამიანი რომ მივა და ამ ხალხს ხმას არ მისცემს, მერე გაუკვირდებათ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.