კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გ. ჩუბინაშვილის №49-ში მდებარე შენობის, რეაბილიტაცია 2025 წლის სექტემბრისთვის დასრულდება
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გ.ჩუბინაშვილის ქ. №49-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია 2025 წლის სექტემბრისთვის დასრულდება, რის შემდეგაც შენობაში ფუნქციონირებას დაიწყებს სახელმწიფო კამერული გუნდი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი და ანსამბლი „ბასიანი“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი ვანო ჩხარტიშვილი, ფონდის დირექტორი ნანა გოთუა, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე ადგილზე გაეცნენ.
„გ. ჩუბინაშვილის ქ. №49-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან საგანმანათლებლო დანიშნულების იყო.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის დეკემბერში დაიწყო. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ძეგლის დაზიანების სიმძიმე მეოთხე დონედ შეფასდა, რის გამოც შეუძლებელი გახდა მისი ძველი ფორმით შენარჩუნება. ნაგებობა სრულად დაიშალა და საძირკვლიდან დაიწყო აღდგენა“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინორმაციაში.