„ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ვერ მოითხოვდა, თუ ეს არ იქნებოდა სააკაშვილის სურვილი“

  ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას ითხოვს,- ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს. „როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, მოვითხოვ, რომ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებლად უპრეცედენტო სასამართლო პროცესი მოეწყოს“! – აცხადებს ედუარდ შევარდნაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“. ედუარდ შევარდნაძე მუხროვანის სკანდალურ კადრებზეც საუბრობს. ექსპრეზიდენტის თქმით, ის შოკში ჩავარდა იმ კადრების ნახვის შემდეგ, როდესაც ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვდა. შევარდნაძის შეფასებით, ეს იყო პირდაპირი მკვლელობის დაკვეთა მაშინდელი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მხრიდან.
,,ციხის კადრების შემდეგ თუ რამე გამაოცებდა, ნამდვილად არ მეგონა, მაგრამ რაც ვნახე… არ ვიცი… წარმოუდგენელია. როგორც არ უნდა შეფუთონ ეს ყველაფერი, ფაქტი ერთია – ეს იყო პირდაპირი მკვლელობის დაკვეთა შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ! გვამებს ითხოვს და თანაც ამისთვის ჯილდოს აწესებს, ისე როგორც კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელი. უკვე ძალიან მარტივი წარმოსადგენია, როგორ დაგეგმეს ლაფანყურის სისხლიანი სპეცოპერაცია და კიდევ არაერთი უბედურება. რუსებს აქვთ ერთი ასეთი სიტყვა – кровожадность, რაც ზუსტად ახასიათებს სააკაშვილის ხელისუფლებას. ასეთი სისხლისმოყვარული რეჟიმი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილი ორ გვამს მარტო საკუთარი სურვილით ვერ მოითხოვდა, თუ ეს არ იქნებოდა, პირველ რიგში, სააკაშვილის სურვილი. უფრო მეტიც, თვალნათლივ ჩანს, რომ მხეცებივით არის ორიენტირებული თითოეული იქ მყოფი ჩინოსანი. ამიტომ, არამარტო მერაბიშვილი, არამედ პირველ რიგში, სააკაშვილი და ყველა, ვინც კი კადრებში ჩანს, სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. ამ კადრებით უნდა დაინტერესდეს არამარტო პროკურატურა, არამედ სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სპეციალური საპარლამენტო კომისია“, – აცხადებს ედუარდ შევარდნაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები