სოზარ სუბარი ბესო ხარძიანის საქმეზე: მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან გახმაურებული საქმეა და მსგავსი ისტორია სხვაც ბევრი მოგვისმენია, თავიდან ცოცხლდება, რა სისასტიკე იყო – ადეიშვილს დღეს ევროდერეფნებში პატივით იღებენ და რჩევას ეკითხებიან ადამიანის უფლებებზე

უმძიმესი ისტორია მოვისმინეთ და მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან გახმაურებული საქმეა, თითქოს, ყველაფერი ვიცოდით, არაერთხელ გვაქვს მოსმენილი და მსგავსი ისტორია სხვაც ბევრი მოგვისმენია, რომ გისმენთ, თავიდან ცოცხლდება, რა სისასტიკე იყო, რა რეჟიმი გამოვიარეთ და რა წამება გამოიარა მამათქვენმა, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, სოზარ სუბარმა, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შვილს, ბესიკ ხარძიანს განუცხადა.

სოზარ სუბარის თქმით, ზურაბ ადეიშვილი, რომელიც 2006 წელს ტრაბახობდა, რომ ბიუჯეტში 600 მილიონი შეჰქონდა, დღეს სხვადასხვა ევროპული სტრუქტურის საპატიო სტუმარია და მას ადამიანის უფლებებზე რჩევებსაც კი ეკითხებიან. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში, საქართველოს ბიუჯეტის დაახლოებით 20 პროცენტი წართმეული თანხებისგან შედგებოდა, რაც დაკანონებულ ყაჩაღობას წარმოადგენდა.

„კარგად მესმის თქვენი მდგომარეობა, ამის გახსენება რამდენად მძიმე თქვენთვის ან თქვენი ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ახლა შეიძლება ტელევიზორს უყურებენ და გვისმენენ.
ადეიშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც დღეს იმავე ევროდერეფნებში პატივით იღებენ და რაღაც რჩევას ეკითხებიან ადამიანის უფლებებზე. სწორედ 2006 წელი იყო, თუ არ ვცდები, როცა ტრაბახობდა, რომ 600 მილიონი შევიტანე წელს ბიუჯეტშიო ასეთი მტაცებლური მეთოდებით. და როდესაც 600 მილიონი ბიუჯეტში შეჰქონდა, იქვე უნდა ვიცოდეთ, რომ მეორე 600 მილიონი მათ ჯიბეებში ნაწილდებოდა, ზუსტად ისევე, როგორც მამათქვენის წილები გადაუფორმეს ვიღაცებს. იმ 5 მილიონზე უარის თქმა რომ არ შეიძლებოდა, ესეც კარგად იცოდა ყველამ, იმიტომ, რომ ზოგს 5 მილიონს, ზოგს 50 ათასს, ზოგს 10 მილიონს ეტყოდნენ თუ არა, რომ გადასახდელი გაქვს, პირველივე უარზე თანხა ორმაგდებოდა და მერე მთავრდებოდა საპყრობილით და წამებით. ამიტომ, ყველამ იცოდა, რომ უარის თქმის შანსი არ ჰქონდა და ეს იყო მართლაც დაკანონებული ყაჩაღობა. რამდენი იყო ის 600 მილიონი რომ წარმოვიდგინოთ, მაშინდელი ბიუჯეტისთვის – მაშინ არ იყო საქართველოს ბიუჯეტი 28 მილიარდი, იყო 3-4 მილიარდის ფარგლებში და დაახლოებით ბიუჯეტის 20 % შედგებოდა ამ წართმეული თანხებისგან.“ – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს სწორედ გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები