გორდულაძე – პროკურატურის განცხადებაზე: ვინც ქვეყანას ებრძვის, ყოველთვის მარცხდება, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე, სამართლებრივი კუთხით

“ადამიანები, რომლებიც  ანგაჟირებულები, მართულები, მართვადები არიან და უმრავლესს შემთხვევაში პირდაპირ კავშირში არიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“, ყოველთვის ცდილობენ, რომ სამართლებრივი საკითხების პოლიტიზება მოახდინონ”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

ის პროკურატურის მიერ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„ეს საკითხი სამართლებრივია, რასაც სამართლიანი სასამართლოს ფორმატში წერტილი დაესმება. ზუსტად იგივე განცხადებები კეთდებოდა – სააკაშვილის, მელიას, უგულავას თუ „რუსთავი 2“-ის საქმეზე, რომ როგორმე, ეს საქმეები პოლიტიკურ მდგენელში გადაეზარდათ, მაგრამ ეს ადამიანები საქართველოსთან ბრძოლაში დამარცხდნენ და თან მერამდენედ? დარწმუნებული ვართ, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება, თუ ეს ადამიანები გაბედავენ, რომ თავიანთი უფლებების დაცვა სადმე გააგრძელონ. ვინც ქვეყანას ებრძვის, ყოველთვის მარცხდება, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე სამართლებრივი კუთხით“, – განაცხადა გორდულაძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები