თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა, რომელთა ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 31-ე კონსოლიდირებული ანგარიშის – „კონფლიქტი საქართველოში” მომზადება, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგების და ჩართულობის პროცესში, ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის გზით. ამავე კონტექსტში, აღინიშნა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას ასახავს და ამგვარად, განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ადგილზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის ფონზე.

შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა. ამასთან, თეა ახვლედიანმა დელეგაციის წევრებს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა და სამშვიდობო პროცესში ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები