გია ვოლსკი: ნარკოპოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება განეკუთვნება იმ ერთ-ერთ ნაბიჯს, რომელიც დაკავშირებულია ეროვნული უსაფრთხოების თემასთან
„იარაღით და ნარკოტიკებით დივერსიის ფაქტები ჩვენ ვნახეთ 90-იან წლებში და ვნახეთ, რას დაამგვანა ამ დივერსიამ საქართველოს მთელი თაობა – ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა ამ საშიშროებისგან,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, კანონი განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ნარკოტიკებს ყიდის.
„ნარკოპოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება განეკუთვნება იმ ერთ-ერთ ნაბიჯს, რომელიც დაკავშირებულია ეროვნული უსაფრთხოების თემასთან. რეალურად შეიქმნა საშიშროება, რომ ნარკოტიკული საშუალებების შემოტანამ და გავრცელებამ მიიღოს ისეთი ხასიათი, რომელიც პირდაპირ დაარტყამს მომავალი თაობის შესაძლებლობას, იყოს კონკურენტუნარიანი შრომით ბაზარზე, იყოს დაცული გარკვეული გამოწვევებისაგან, თუნდაც, ჩემი აზრით, ნარკოტიკებით და შესაძლოა, იარაღით დივერსიის შესაძლებლობისაგან. იარაღით და ნარკოტიკებით დივერსიის ფაქტები ჩვენ ვნახეთ 90-იან წლებში და ვნახეთ, რას დაამგვანა ამ დივერსიამ საქართველოს მთელი თაობა, რომელთა დიდი ნაწილი შეეწირა ომს, მაგრამ ამ ომის შემდეგ, ვეღარ გაიუმჯობესებს მდგომარეობა და მათი ჯანმრთელობა დღემდე შელახულია. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა ამ საშიშროებისგან და განსაკუთრებით მკაცრები ვიყოთ მათ მიმართ, ვისაც შემოაქვს და ვინც პირადი გამორჩენის მიზნით ყიდის და ავრცელებს ნარკოტიკს და არა მარტო პირადი გამორჩენის მიზნით, შესაძლოა, გარკვეული მიზნითაც, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების და სტაბილურობის რყევას“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება, დღეს, 14 მარტს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.