საქპატენტის ვებგვერდი შშმ პირებზე ადაპტირებული გახდა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სხვა პირების თანასწორად ხელმისაწვდომი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ ვებგვერდი განახლდა და ადაპტირებული გახდა შშმ პირებისათვის. ვებგვერდს დაემატა როგორც გამოსახულების კონტრასტის ცვლილებისა და შრიფტის გადიდება-დაპატარავების, ისე ტექსტის ქართულად გახმოვანების ფუნქცია.
უწყების განახლებული ვებგვერდი სრულად უზრუნველყოფს სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომხმარებლების თანაბარ წვდომას ინფორმაციაზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ ჩართულობას და თანასწორ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საქპატენტში უკვე მოხსნილია ბარიერები შშმ პირებისთვის. კერძოდ, ადაპტირებულია სანიტარული კვანძი, დამონტაჟებულია მოძრავი პანდუსი, შიდა ლიფტი და გამოყოფილია საპარკინგე ადგილი, რაც შშმ პირებს უადვილებს წვდომას უწყების მომსახურების სერვისებზე. საქპატენტის სოციალური მოდელით მიდგომა ეხმიანება შემზღუდავი ბარიერების გადალახვის პოზიტიურ და კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებს, მათ შორისაა, სწორედ, საქპატენტის ვებგვერდის ადაპტირება შშმ პირებისათვის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უწყების მხრიდან მათი უფლებების დაცვის სურვილს.
საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 17 სექტემბრის დადგენილებით, საქართველო მარაკეშის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების სიას შეემატა და შეუერთდა „უსინათლო, მხედველობადაქვეითებული ან ბეჭდური ნაწარმოების გაცნობის შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მქონე პირთათვის ბეჭდურ ნაწარმოებზე მისაწვდომობის გამარტივების შესახებ“ მარაკეშის 2013 წლის 27 ივნისის ხელშეკრულებას (შემდგომ – მარაკეშის ხელშეკრულება). ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტმა, 2023 წლის 21 მარტის დასკვნით, საქართველოს მისცა მარაკეშის ხელშეკრულების რატიფიცირებისა და ეროვნულ დონეზე აღსრულების რეკომენდაცია. აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირებისას არსებული კანონმდებლობა გარდაუვალად მოითხოვდა ცვლილებებს, რის შედეგადაც, საქპატენტის თანაავტორობით, მარაკეშის შეთანხმების საფუძველზე და მისი დებულებების გათვალისწინებით, მომზადდა და განხორციელდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება (2023 წლის 15 დეკემბრის კანონი). მნიშვნელოვანია, რომ მარაკეშის ხელშეკრულების სრულყოფილი იმპლემენტაციის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის სოსო გიორგაძის ბრძანებით განისაზღვრა, ასევე, დაწესებულებებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების, სტატუსის გაუქმებისა და საქპატენტისთვის ინფორმაციის მიწოდების წესი. რაც შეეხება ავტორიზებული პირის ცნებას, მას განსაზღვრავს თავად მარაკეშის ხელშეკრულება და გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ ნებისმიერ პირს, რომლის საქმიანობაც უკავშირდება მხედველობადაქვეითებულ ან კითხვის უნარის არმქონე პირთათვის საგანმანათლებლო და სასწავლო მასალების ადაპტირებასა და ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფას. ავტორიზებულ პირებს უნდა შეეძლოთ ხელმისაწვდომი ფორმატის ასლების გავრცელება არაკომერციული გაქირავების ან ელექტრონული კომუნიკაციის გზით.
გასულ წელს, აღნიშნული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საქპატენტს მიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თბილისის №202-ე საჯარო სკოლამ და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირმა „ჰერა“. შესაბამისად, მარაკეშის შეთანხმებიდან გამომდინარე, შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის შექმნილია ავტორიზებული პირის სტატუსის მქონე პირთა ერთიანი ელექტრონული რეესტრი, რომელზეც ხელმისაწვდომ ფორმატში წვდომა უკვე შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე (იხ. ბმული: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/266/ ).
საქპატენტი მომავალშიც განაგრძობს აქტიურ მუშაობას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მხედველობადაქვეითებული ან კითხვის უნარის არმქონე პირებისთვის საგანმანათლებლო და სასწავლო მასალების ადაპტაციური კითხვის უზრუნველყოფა და ინფორმაციაზე წვდომა. 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში მხედველობის დარღვევების (უსინათლობის ჩათვლით) მქონე პირთა რაოდენობა შეადგენდა 8224 ადამიანს, რომელთა შორის 1515 არასრულწლოვანია. მარაკეშის შეთანხმების შედეგად მოქმედ ავტორიზებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვა ქვეყნების ავტორიზებულ პირებთან თანამშრომლობით, მუდმივად იზრუნონ მხედველობის დარღვევის მქონე პირთათვის მისაწვდომ ფორმატში გამოცემული ნაწარმოებების რაოდენობის ზრდაზე, რაც, თავისთავად, დაეხმარება ბენეფიციარებს ადგილობრივი და უცხოური ნაწარმოებების ადაპტირებული ფორმატების მარტივად და ფინანსური დანახარჯების გარეშე მოპოვებაში.