გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება

8-9 მარტს გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 21 ქვეყნის (კანადა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ავსტრალია, შვეიცარია, ჩინეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბრაზილია, ჩეხეთი, უნგრეთი, იაპონია, ნიდერლანდები, უკრაინა, კორეა, ლატვია, ესტონეთი, რუმინეთი) 88 სპორტსმენი იასპარეზებს. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოსა” (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

„ჩვენ მზად ვართ გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპის მასპინძლობისთვის. ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო შეჯიბრის ჩატარება საქართველოს პოტენციალს მსოფლიო მასშტაბით წარმოაჩენს, გაზრდის ჩვენი ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას, უფრო მიმზიდველს ხდის ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისთვის, რაც ხელს უწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას,” – განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.

2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე საქართველო უკვე მესამე მსოფლიო თასის მასპინძელია. გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენს უმასპინძლა. ჩატარებული ღონისძიებები საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციამ (FIS) როგორც საორგანიზაციო, ისე ინფრასტრუქტურის კუთხით წარმატებულად შეაფასა.

ღონისძიებას საერთაშორისო მედია გააშუქებს. შეჯიბრი პირდაპირ ეთერში „ევროსპორტზე” გადაიცემა.

აღსანიშნავია, რომ წარმატებულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციამ (FIS), საქართველო და მისი კურორტები – კერძოდ, გუდაური და ბაკურიანი, მუდმივ კალენდარში ჩასვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები