ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, სამართალდარღვევის 68 ფაქტი გამოავლინეს
სამართალდარღვევებიდან 67 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა, საიდანაც 3 ფაქტი შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 64 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 9 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 16 – სამცხე-ჯავახეთის, 7 – მცხეთა-მთიანეთის, 8- იმერეთის, 14 გურიის, 3 – ქვემო ქართლის, 2 – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 2 – რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის და 6 – შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 1 ფაქტი.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-თებერვალში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 110 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 116 კუბური მეტრი შეადგინა.
სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგებიც, რაც, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებასთან ერთად, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენის საშუალებას იძლევა.