სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა  სამოქალაქო ინტეგრაციის  სკოლის ფარგლებში ტრენინგ-სემინარი „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში” გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა

„სახელმწიფო მინისტრის აპარატის  სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის  სამდღიან ტრენინგ-სემინარს, ამჯერად  სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტებიდან სხვადასხვა პროფესიის ქალბატონები ესწრებიან,”- ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მისასალმებელ სიტყვაში თეა ახვლედიანმა აქცენტი გააკეთა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესში ქალების როლისა და ეფექტიანი მონაწილეობის მნიშვნელობაზე, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. სემინარის  ფარგლებში, 30 მონაწილე ამომწურავ და დეტალურ ინფორმაციას მიიღებს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა სამოქალაქო თანასწორობა, მედიაწიგნიერება, ევროინტეგრაცია, ასევე ქალთა უფლებების, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებისა და  სხვა მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სახელმწიფო მინისტრმა სემინარის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ქალების ჩართულობის შესაძლებლობების გაზრდის საკითხებზე მათი მოსაზრებები მოისმინა.

„ქალთა დღესასწაულების აღნიშვნას, უკვე ტრადიციულად, ვეხმიანებით კულტურულ-საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარების ორგანიზებით, რომელიც იმართება სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში მცხოვრები, სხვადასხვა ეთნოსის და პროფესიის ქალების მონაწილეობით და მიზნად ისახავს, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ქალების გაძლიერებას და მათი როლის გაზრდას. ჩვენ მიერ შემუშავებული სამდღიანი ინტენსიური პროგრამა, ღონისძიების მონაწილეებს ფართო შესაძლებლობას მისცემს აიმაღლონ ცნობიერება და იმსჯელონ მათთვის აქტუალურ საკითხებზე, მიიღონ სასარგებლო გამოცდილება და გაიღრმაონ უნარ-ჩვევები; ასევე, სიღრმისეულად გაეცნონ სახელმწიფო მექანიზმებს, რომლებიც სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში, მიმართულია ჩვენი არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის შესაძლებლობების გაფართოებისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ,”- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები