ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს „შავი ზღვის ტერმინალს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 6 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ფოთის წარმომადგენლობაში, შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ დირექტორთან, ილგარ ალი-ზადასთან, ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან ფუად აზიზოვთან და კომპანია „სოკარის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ ხელმძღვანელმა, სამსახურის წარმომადგენლობის ფოთის ოფისს, საჭირო ინვენტარი გადასცა.

მოგვიანებით მხარეებს ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბექა ვაჭარაძემ უმასპინძლა მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს „შავი ზღვის ტერმინალს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ დირექტორმა, ილგარ ალი-ზადამ მოაწერეს.

კობა კობალაძემ ბექა ვაჭარაძეს მასპინძლობისთვის,ხოლო ფუად აზიზოვს, ილგარ ალი-ზადას და აზერბაიჯანელ სტუმრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სამაგალითო მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია.

ფუად აზიზოვმა და ილგარ ალი-ზადამ კი თავიანთ გამოსვლაში აღნიშნეს,რომ მათთვის განსაკუთრებული პატივია, იმ დამსახურებული ადამიანების მხარდაჭერა, რომელთაც საკუთარი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებით იბრძოლეს და დღესაც გულითადად ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას. სტუმრებმა დასძინეს,რომ შპს „შავი ზღვის ტერმინალი“ კვლავ განაგრძობს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ვეტერანების მხარდაჭერას და მომავალში, მხარეთა შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი ლევან ამირიძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯანაშვილი, სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები