ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, დღეს ლარის კურსი სტაბილური მიმართულებისაა და რაიმე გაუფასურებისკენ მოლოდინი არ არსებობს. ამის შესახებ ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.
“ერთადერთი, რაზეც გამოწვევებმა, ან განცხადებებმა, თუ პროტესტმა იქონია ზეგავლენა, ეს სავალუტო კურსი იყო. ანუ, კურსი ყველაზე მოწყვლადია. ბუნებრივია, ეს ყველგან ასე ხდება. როცა პოლიტიკური ტემპერატურა
მატულობს, ის აისახება მოლოდინებზე, განწყობებზე, რაც შემდეგ კურსში გადადის. მოგეხსენებათ, ლარი გაუფასურდა. როდის იყო ლარის კურსის ყველაზე დიდი რყევა? ეს იყო გაზაფხულზე, როცა პროტესტი დაიწყო. შემდეგ
შემოდგომაზე, მოგეხსენებათ, სექტემბერ-ოქტომბერ- ნოემბერში ლარის კურსის გარკვეული მერყეობა იყო. მაშინ ეროვნულმა
ბანკმა გაითავისა რა ამ რისკის ფაქტორი, ბაზარზე საკმაოდ დიდი მოცულობით ინტერვენციები მოახდინა. აღმოჩნდა, რომ ეს სტრატეგია სწორი იყო. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ კურსი სტაბილურია. ანუ, გასული წლის მეორე ბოლოდან დღემდე ფაქტობრივად, ლარს სტაბილური ქცევა აქვს. მას, ასე ვთქვათ, რაღაცა რყევები არ აქვს. აქედან გამომდინარე ესეც ეკონომიკური ზრდის ეფექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზრდა სხვადასხვა ფაქტორებშიც არის ასახული, სხვათა შორის შემცირებულ უმუშევრობაში, რომელიც გასული წლის ბოლოს მონაცემებით, ისტორიულ მინიმუმზე იყო, ასევე გაზრდილ საშუალო ხელფასში.
გითხარით, რომ სავალუტო კურსმა, ასე ვთქვათ, ყველაზე ტურბულენტური პერიოდი გაიარა გასული წლის ბოლოს, როდესაც გარკვეული რყევა დაიწყო. მაგრამ, დღეს კურსი სტაბილური მიმართულებისაა, არც რაიმე გაუფასურებისკენ აქვს მოლოდინი, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, მაღალი ზრდა გვაქვს, რომელიც კურსის დინამიკის ერთ-ერთი ფაქტორია, მეორეც – რამე საგარეო ფაქტორი მოსალოდნელი არ არის.
პირიქით გეუბნებით, თუ მსოფლიოში პოლიტიკური პროცესები უფრო მშვიდობისკენ გადაეწყო, ამ შემთხვევაში სავალუტო კურსზე არც გლობალური ფაქტორის ზეგავლენა იქნება. ძირითადად, დოლარის კურსს იღებენ ხოლმე, მაგრამ ამერიკაში, ვხედავთ, რომ პოზიტიური მოლოდინებია იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც ტრამპის
დღევანდელი ადმინისტრაცია აკეთებს”- განაცხადა ცუცქირიძემ.