საქართველოს ტყვიის მსროლელ გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ხორვატიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ტყვიის მსროლელ გოგონათა ნაკრები – მარიამ ფროდიაშვილის, მარიამ აბრამიშვილისა და მარიამ მარშავას შემადგენლობით, 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა სპორტსმენებმა ფინალში თურქეთის ნაკრები ანგარიშით 16:12 დაამარცხეს.
საქართველოს ტყვიის მსროლელ გოგონათა ნაკრები გასულ წელს ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ანგარიშზე სამი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. დღეს ევროპის ჩემპიონობა იზეიმა საქართველოს ვაჟ ტყვიის მსროლელთა ნაკრებმაც – გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, მათ ფინალში უკრაინის ნაკრებს ანგარიშით 16:6 სძლიეს.
გუნდურ ჩათვლაში 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ოქრო გოგონათა ნაკრებმა – მარიამ აბრამიშვილის, მარიამ მარშავასა და მარიამ ფროდიაშვილის შემადგენლობით – მიიღო. მათ 1711 ქულა დააგროვეს, რაც ევროპის რეკორდია.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი მარიამ აბრამიშვილი 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ქართველი ტყვიის მსროლელები ევროპის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.