ეროვნული პროექტი „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“ 2025 წელს საქართველოს 6 ქალაქში განხორციელდება
4 მარტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ერთობლივი ღონისძიება გამართეს, სადაც პროექტის – „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“ – მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
ჟვანიას სკოლის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა პროექტის ეროვნულ მნიშვნელობას: „საქართველო იმ იშვიათი ქვეყნების რიცხვშია, სადაც ენის სწავლებას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. ეს ქვეყნის განვითარებისთვის გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელიც ხელს უწყობს ინტეგრაციასა და ურთიერთგაგებას საზოგადოებაში.“
პროექტის მიმდინარეობის ეტაპები და მიღებული შედეგი რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძემაც დადებითად შეაფასა. მან სასულიერო პირებს კვლავ აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.
შეხვედრაზე დაიგეგმა თანამშრომლობის მეხუთე ეტაპი. 2025 წელს საგაკვეთილო პროცესი წარიმართება თბილისში, მარნეულში, გარდაბანში, საგარეჯოში, დმანისსა და ახალქალაქში. ენობრივი კომპეტენციის ასამაღლებლად, მეცადინეობას განაგრძობენ მუსლიმთა სამმართველოს, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიისა და ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ჟვანიას სკოლისა და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლობით, საფუძველი ჩაეყარა უმნიშვნელოვანეს პროექტს – „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის“, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა რელიგიური კონფესიისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას. იდეის განსახორციელებლად, ჟვანიას სკოლამ და რელიგიის სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, 2019-2024 წლებში, სახელმწიფო ენას დაეუფლა 233 სასულიერო პირი.
https://www.facebook.com/ZhvaniaSchool/videos/674564751903428