თბილისის მერია ზღვისუბნის პარკში კაფეს მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს
ნაძალადევის რაიონში მდებარე ზღვისუბნის პარკში კაფე განთავსდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, კაფეს მოსაწყობად, თბილისის მერია დღეიდან აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ფართის იჯარით გაცემაზე.
„გასული წლის ოქტომბერში ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში გაიხსნა საქალაქო მნიშვნელობის პარკი. რეკრეაციული სივრცე 25 ჰა-ს მოიცავს, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაჭაობებული, უმძიმესი მდგომარეობა იყო და ირგვლივ მცხოვრებთათვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ კარგ პარკს გავაკეთებდით. გამწვანების სამუშაოები დღესაც გრძელდება, რათა იქაურობა ყველანაირად მოწესრიგებული იყოს. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გათვალისწინებული იყო კაფეს განთავსება, რადგან ამ პარკს ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს. სწორედ ამიტომ, თბილისის მერია დღეიდან აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ფართის იჯარით გაცემაზე. ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ბიზნესს მინდა მივმართო, რომ ჩაერთეთ აღნიშნულ ინტერესთა გამოხატვაში და წარმოადგინეთ თქვენი წინადადებები. დიდი იმედი მაქვს, რომ დაინტერესება იქნება, რადგან ჩვენთვის, ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ ყველანაირად მოწესრიგებული კაფე მოეწყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.