ვასილ ჩიგოგიძე: მადლობას ვუხდი გურიის მოსახლეობას, სტიქიის დროს მიმდინარე ღონისძიებებში ჩართულობისთვის
„მოგეხსენებათ, გურიაში ათი დღეა სტიქია გრძელდება. პირველივე დღეს პრემიერი რეგიონში ჩამობრძანდა, გაიხსნა შტაბი, რომლის მუშაობაშიც ჩართული იყო თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაიგეგმა ის ღონისძიებები, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო სტიქიის დროს. მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და მინისტრთა კაბინეტს”, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრმა ვასილ ჩიგოგიძემ.
როგორც მან აღნიშნა, პირველ რიგში დაიწყო გზების გაწმენდითი და 32 ათასი აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები.
„ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას, გუბერნატორს, მერებს, მერიის თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში სტიქიას ებრძოდნენ.
სტიქიის ზონაში მიმდინარე ინტენსიურ სამუშაოებში, ასევე, ჩართული იყო ახალგაზრდების ჯგუფი ბაკურიანიდან. ისინი სკუტერებით ახერხებდნენ მოსახლეობისთვის საკვებისა და მედიკამენტების მიტანას.
მადლობა გურიის მოსახლეობას სტიქიის დროს მიმდინარე ღონისძიებებში ჩართულობისთვის და თავშეკავებისთვის. მადლობა კოლეგებო, გვერდში დგომისთვის”, – განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.