“ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტად ბადრა გუნბა, პრაქტიკულად, რუსების დანიშნულია”- გია გვაზავა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, გია გვაზავას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში  ე.წ. პრეზიდენტად ბადრა გუნბა, პრაქტიკულად, რუსების დანიშნულია. ამის შესახებ გვაზავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გვაზავა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა.

„რა თქმა უნდა, აფხაზეთში დაძაბულობა, დაპირისპირება გაგრძელდება. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ, რომ პრაქტიკულად, აფხაზეთში კლანობრივი მმართველობაა. კლანები მართავენ „ქვეყანას“. არის ორი მიმართულება – თურქული და რუსული. არძინბა თურქეთის მიმართულებით უფრო შემჩნეულია, ვიდრე რუსეთის, ამიტომაც, პრაქტიკულად, ჩაიხსნა რუსული მხარდაჭერისგან. რაც შეეხება ბადრა გუნბას – პრაქტიკულად, რუსების დანიშნულია,“ – განაცხადა გვაზავამ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1-ელ მარტს გაიმართა. ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისია“ აცხადებს, რომ „საპრეზიდენტო კანდიდატმა“ ბადრა გუნბამ „არჩევნების“ მეორე ტურში ხმების 54.73% მიიღო და აფხაზეთის „პრეზიდენტი“ გახდა.

“1-ელ მარტს ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების 70%-მა, რაც შეადგენს 100 412 ადამიანს. კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, ადგურ არძინბამ მიიღო ხმების 41.54%, ბადრა გუნბამ – 54.73%, აფხაზეთის რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტია ბადრა გუნბა“, – განაცხადა ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი მარშანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები