„ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის უპრეცედენტო ჩარევა იყო” – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით,  ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ  დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის უპრეცედენტო ჩარევა იყო. ამის შესახებ გამახარიამ მედიაჰოლდინგ  “კვირას” პრესკლუბში  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ამ არჩევნებს, რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებულს ვუწოდებთ, ეს უკანონო არჩევნებია. ჩვენთვის საინტერესოა, რით განსხვავდება ის წინა მსგავსი ე.წ. არჩევნებისგან და რა შედეგებს უნდა ველოდოთ. ამ ე.წ. არჩევნებში რუსეთის უპრეცედენტო ჩარევა იყო.

რუსეთი ყოველთვის ყველა არჩევნებში ერეოდა, არა მარტო მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, მაგრამ ადრე რუსეთის  ფავორიტი  კანდიდატი ყოველთვის აგებდა, ახლა, როგორც პირველ ტურში, ისე მეორე ტურში, ძალიან დიდი სხვაობით პრორუსული კანდიდატი იმარჯვებს. ეს არის იმ უპრეცედენტო ჩარევის შედეგი, რომლის მსგავსი ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში არ გვახსოვს.

არჩევნების ერთ-ერთი მთავარი შედეგი გახლავთ საზოგადოების უკიდურესი პოლარიზაცია. სროლები რამდენიმე უბანზე იყო.   სროლები როგორც აფხაზებს შორის იყო, ასევე   თავდასხმა,  ძირითადად, სომხურ უბნებზე იყო, სადაც აფხაზები დარწმუნებულები იყვნენ, რომ  მასობრივად ხმას გუნბას აძლევდნენ. თავდასხმებს არძინბას მხარდამჭერები აწყობდნენ.

წლებია მოდის, მაგრამ ახლა უკვე პიკს უახლოვდება დაპირისპირება სომხებსა და აფხაზებს შორის. ესეც ამ არჩევნების ერთ-ერთი შედეგი გახლავთ:  ე.ი. განხეთქილება თვით აფხაზებს შორის და დაპირისპირება აფხაზებსა და სომხებს შორის. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი:არძინბამ 41, 5 % მიიღო, ამის   99%  აფხაზები არიან.  იქ ხუმრობენ,  რომ აფხაზების პრეზიდენტი  არის არძინბა და აფხაზეთის პრეზიდენტი გუნბა გახდა.  რუსეთს უჭირავს სომხური მხარე , რადგან    მიაჩნია,  რომ ეს მოსახლეობა აფხაზეთში  მისი ერთ-ერთი ძირითადი დასაყრდენია. სწორედ  ეს იწვევს აფხაზურ-რუსული  დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავებას. აფხაზებს ოდითგანვე არათუ არ უყვარდათ, არამედ სძულდათ რუსები, უბრალოდ, მათ  ქართველების წინააღმდეგ იყენებდნენ, რუსები ამ აფხაზებს ჩვენს წინააღმდეგ იყენებდნენ.  თუ ეს სიძულვილი ადრე არ ჩანდა, ახლა ეს უკვე სააშკარაოზე გამოვიდა და ამ არჩევნებმა ეს ურთიერთობები თავიდან ბოლომდე გააშიშვლა,“ – განაცხადა გამახარიამ.

მისი თქმით, ადგურ  არძინბას მიმართ რეპრესიებია მოსალოდნელი.

“რამ გამოიწვია ეს ე.წ.  არჩევნები: ეს ვადამდელია,   თუმცა იქ ვადიან ე.წ. არჩევნებამდე  ერთი თვე რჩებოდა,   მაგრამ მაინც ვადამდელი არჩევნებია.  15 ნოემბერს ცნობილი მოვლენები,  ამბოხება მოხდა, რომელსაც   თავისი   მიზეზები  ჰქონდა.   ამ ამბოხებას და ბჟანიას გადაგდებას ეს მიზეზები უნდა მოეხსნა,  მაგრამ    ამ ე.წ. არჩევნებით არცერთი მიზეზი მოხსნილი არ არის, დაპირისპირება რუსებთან კიდევ უფრო გამწვავებულია. შესაბამისად, რას უნდა ველოდოთ: ლოგიკურად უნდა ველოდოთ   ისევ იგივე და კიდევ უფრო მწვავე დაპირისპირებას იმ თემების, იმ საკითხების გარშემო,  რა თემებისა და საკითხების გარშემოც   ეს 15 ნოემბრამდე იყო და რამაც 15 ნოემბერი გამოიწვია. რუსეთს არაფერში    სჭირდება აფხაზეთი,  თუ მის ანექსიას  არ მოახდენს.  მას ოკუპაცია არ აკმაყოფილებს,    მისი გაცხადებული მიზანი   ამ ტერიტორიის ანექსიაა.  ისინი ამ   ტერმინს არ ხმარობენ,  მაგრამ პოლიტიკა, ის ე.წ. შეთანხმებები  აქეთკენაა  მიმართული. რუსეთი არცერთ იმ ე.წ. შეთანხმებაზე უარს არ ამბობს და  მიაჩნია,  რომ ახლა ვინც  ე.წ. ხელისუფლების სათავეში მოვიდა,  ბოლომდე მიიყვანს   საქმეს.    მეორე მხარე, მხოლოდ   აფხაზთა ხმებით მოპოვებული თითქმის 42 %-ით     იგივე წინააღმდეგობას გაუწევს.   ახლა ძალიან ძნელია, წინასწარ ვივარაუდოთ, რა შეიძლება ამას მოჰყვეს, მაგრამ მე ძალიან მენიშნა იარაღის გამოყენება,  სროლები, რაც  ბოლო პერიოდში აფხაზეთში ჩვეულებრივი ამბავი გახდა.  გახსოვთ,  თვით იმ დე ფაქტო პარლამენტის შენობაში დეპუტატი მოკლეს.  ამის მერე იქ ყველაფერი მოსალოდნელია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი  დასკვნა:  ჩვენ ვთქვით რუსეთის უპრეცედენტო ჩარევაზე,  ეს ჩარევა ყოველთვის იყო, მაგრამ ასეთი რამ, რომ სასამართლოს,  რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს    საქმე აფხაზების წინააღმდეგ აღეძრა,   ჩვენ ჯერ არ გვახსოვს და ეს გაგრძელდება, გამოძიება მიმდინარეობს,  დამნაშავე პირები იდენტიფიცირებული არიან, მათზე უკვე  შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს, ალბათ,  მათი  დაკავება მოხდება.

არძინბას მიმართ რეპრესიები მოსალოდნელია და არ არის გამორიცხული, რომ მას მოქალაქეობა ჩამოართვან. ეს ადამიანი აფხაზთა დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ   პოლიტიკას ჩამოაშოროს. არძინბა ამ წუთამდე დუმს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის   მკაცრად გაფრთხილებულია. ის ემზადებოდა, არ ეღიარებინათ ეს ე.წ. არჩევნები და დაეწყოთ ქუჩის აქციები,  ხელმეორედ გადატრიალება, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი მკაცრად გაფრთხილებულები არიან და ეს ვერ გაბედეს. ასე რომ ეს ადამიანი ძალიან უცნაურად დუმს,“ – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, აფხაზეთის უმაღლეს საბჭო ე.წ. არჩევნებს ბათილად გამოაცხადებს.

„ჩვენ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ოთხშაბათს    მივიღებთ დადგენილებას და ბათილად გამოვაცხადებთ ამ ე.წ. არჩევნებს. დღეს იქნება მსჯელობა ჟენევაშიც, სადაც  ჟენევის დისკუსიების 63-ე რაუნდი იწყება. იქაც იქნება ამაზე საუბარი და შესაბამისი განცხადებები გაკეთდება. ეს არჩევნები კი არის დე ფაქტო, მაგრამ არის სრულიად უკანონო და ჩვენ ამას არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ იურიდიული დოკუმენტის გამოქვეყნებით ვადასტურებთ,“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

ცნობისთვის,  ოკუპირებულ აფხაზეთში  დე ფაქტო  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1-ელ მარტს გაიმართა.   ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისია“ აცხადებს, რომ „საპრეზიდენტო კანდიდატმა“ ბადრა გუნბამ „არჩევნების“ მეორე ტურში ხმების 54.73% მიიღო და აფხაზეთის „პრეზიდენტი“ გახდა.

“1-ელ მარტს ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების 70%-მა, რაც შეადგენს 100 412 ადამიანს. კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, ადგურ არძინბამ მიიღო ხმების 41.54%-ი, ბადრა გუნბამ- 54.73%-ი, აფხაზეთის რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტია ბადრა გუნბა“, – განაცხადა ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ“ დიმიტრი მარშანმა.

თამუნა შეყილაძე 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები