საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ მონაწილეობა მიიღეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში მონაწილე სახელმწიფოთა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების XXI კონფერენციაში (COSAP), რომელიც ალბანეთში, ქ. ტირანაში გაიმართა.
კონფერენცია გახსნა ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ელისა სპიროპალიმ, მასში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აგნიეშკა პომაშკამ, ალბანეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იგლი ჰასანმა, ალბანეთში ევროკავშირის ელჩმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ შედეგებზე და არსებულ გამოწვევებზე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე, გეოპოლიტიკური გარემოს გავლენაზე და რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მტკიცე, მშვიდობიანი და ეკონომიკურად ძლიერი ევროპის მიმართ კონფერენციის მონაწილე ქვეყნების საერთო მისწრაფებაზე, საერთო შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში კანდიდატი ქვეყნების მიერ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
„საქართველო არის მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა, მშვიდობიანი და უსაფრთხო ევროპის ერთგული. საქართველომ ეს არაერთხელ დაამტკიცა ავღანეთიდან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამდე, ერაყიდან მალიმდე, და მათ შორის წარმატებული რეფორმებით. მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები კვლავ რჩება და საქართველო თავის განვითარებას არსებითი საფრთხეების პირისპირ აგრძელებს, ჩვენი მიზანი – ევროპულ ოჯახში დაბრუნება – ურყევია.” აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
მან აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობის აუცილებლობაზე: „ჩვენ ვერ შევცვლით გეოგრაფიას. ჩვენ ასევე არ შეგვიძლია ავირჩიოთ მეზობლები. მაგრამ ის, რისი შეცვლაც შეგვიძლია, არის ჩვენი მისწრაფება საერთაშორისო ურთიერთობებში უფრო ძლიერი ევროპის შენებისკენ; ევროპის, რომელიც პატივს სცემს თავის პარტნიორებს და პრიორიტეტს ანიჭებს თანამშრომლობას, ნაცვლად იმისა, რომ უგულებელყოს პარტნიორების შიდა განვითარებები და უარი თქვას პარტნიორებთან დიალოგზე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როდესაც რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მძვინვარებს და აქამდე არსებული წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს”.
რეგიონული და სექტორული თანამშრომლობის შესახებ დისკუსიაში საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ საერთო რეფორმების განხორციელებასა და სექტორულ თანამშრომლობაზე, აგრეთვე საქართველოსთვის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ევროკავშირის ერთიანი ბაზრის წვდომის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„2028 წლის ბოლოსთვის საქართველო შეძლებს შეასრულოს ასოცირების შეთანხმების 95% და იყოს ეკონომიკურად და ინსტიტუციურად მზად ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისათვის. საქართველოს განსაკუთრებული პოზიცია უკავია როგორც დამაკავშირებელ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. ამ კონტექსტში, საქართველოს შეუძლია და საკვანძო როლს ითამაშებს ფართო რეგიონის სტაბილურობასა და ზრდის პროცესში” – აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
„COSAP-ის კონფერენცია ევროკავშირში წევრობის საკითხებზე თანამშრომლობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო პლატფორმაა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის. COSAP-ის თავმჯდომარე ქვეყნის მოწვევით, წევრ ქვეყნებთან ერთად, მასში ასევე მონაწილეობენ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და თურქეთის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების დელეგაციები,”- ნათქვამია ინფორმაციაში.