ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი სურვილი არის ის, რომ ამ სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა იკითხებოდეს ის გაღრმავებული ურთიერთობები სხვადასხვა სფეროებში, რაც, ასე ვთქვათ, საქართველოს გამოარჩევს იმ ურთიერთობებიდან, რომელიც აშშ-ს აქვს სხვა სახელმწიფოებთან პოსტსაბჭოთა სივრცეში
ჩვენი ურთიერთობების გაუარესების მთავარი საფუძველი იყო ის, რომ ჩვენ არ დავყევით ვაშინგტონის ნებას და თხოვნას, თუ მოთხოვნას, როგორც გინდა ისე დაარქვით და არ დავუწესეთ რუსეთს ეკონომიკური სანქციები. ეს იყო პირველი და მთავარი მიზეზი რის გამოც ჩვენმა ურთიერთობებმა გაუარესება დაიწყო 2022 წლის გაზაფხულიდან, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის რუსეთის ბუნება სრულიად ნათელია და ძალიან კარგად იციან თუ რა სურს რუსეთს და ეკონომიკური სანქციების დაწესება არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ საქართველო ატამსა და ვაშლს არ გაყიდდა რუსეთში, ეს არის პოლიტიკური აქტი და ამ პოლიტიკურ აქტს აუცილებლად მოჰყვებოდა პასუხი და ეს პასუხი არ იქნებოდა რუსეთის მხრიდან წიწიბურას იმპორტის აკრძალვა საქართველოში.
„ასევე, მინდა ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს იყო, ასევე, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის გამოც ჩვენ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ 2022 წლის ივნისში იმიტომ, რომ მაშინ იყო საკმაოდ მკაცრი და მკაფიო მოთხოვნა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველო უნდა დამდგარიყო ისტორიის სწორ მხარეს, როგორც ისინი ამას ეძახდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი დააზარალებდა საქართველოს ეკონომიკას და ჩვენი გათვლებით, არა მხოლოდ ეკონომიკას დააზარალებდა, არამედ უსაფრთხოებას შეუქმნიდა ძალიან დიდი პრობლემას ამისდა მიუხედავად ისინი ითხოვდნენ, რომ დაგვეწესებინა ორმხრივი ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენი ურთიერთობები გაუარესდა, ამას მოჰყვა შემდეგ ბევრი სხვა საკითხი, ამას მოჰყვა შემდეგ მუდმივი მცდელობა, რომ ხელისუფლება ზეწოლის ქვეშ ემყოფებინათ, რომ მას გადაედგა ეს ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ძალიან არ გვინდოდა, რომ გადაგვედგა. პირველ რიგში, გამოვდიოდით ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან და ვიცოდით რა შედეგი მოჰყვებოდა ამას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ რუსეთს, შეიძლება ვიღაცები დასავლეთში არ იცნობენ რუსეთს და ძალიან გულუბრყვილო დამოკიდებულება აქვთ რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცნობთ რუსეთს, გუშინ აღვნიშნეთ ოკუპაციის 104 წლისთავი, ჩვენთვის რუსეთის ბუნება სრულიად ნათელია და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა უნდა რუსეთს. როგორც კი ერთ ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენ ესკალაციისკენ და ეკონომიკური სანქციების დაწესება არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ატამსა და ვაშლს არ გავყიდით რუსეთში, ეს არის პოლიტიკური აქტი და ამ პოლიტიკურ აქტს აუცილებლად მოჰყვებოდა პასუხი და ეს პასუხი არ იქნებოდა რუსეთის მხრიდან წიწიბურას იმპორტის აკრძალვა საქართველოში“, – განაცხადა სამხარაძემ.
სამხარაძის თქმით, სავარაუდოა, რომ სულ მალე თუ რუსეთი და ამერიკა ვაჭრობას დაიწყებენ, რა თქმა უნდა, ის საკითხი, რომ საქართველომ დააწესოს რუსეთთან ეკონომიკური სანქციები დღის წესრიგში საერთოდ აღარ იდგება. შესაბამისად ეს გამაღიზიანებელი ფაქტორი მოიხსნება და რა თქმა უნდა, საქართველო დაუბრუნდება იმ ურთიერთობებს, რომელიც აქამდე ჰქონდა.
„თუ ეს გამაღიზიანებელი ფაქტორი მოიხსნება და მოიხსნება იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის, რომ ამერიკა და რუსეთი უკვე საუბრობენ იმაზე, რომ დიპლომატიური საელჩოების სრულფასოვანი ფუნქციონირება უნდა აღადგინონ. საუბარია იმაზე, რომ რუსული მინერალებით და წიაღისეულით ვაჭრობა უნდა მოხდეს, რაც ჩვენ გვესმის, ყოველ შემთხვევაში, იმისკენ მიუთითებს, რომ თუ ეს ყველაფერი ამ გზით წარიმართა, სულ მალე, ტრამპმა ასევე აღნიშნა სანქციების შემსუბუქებაც და სრულიად გაუქმებაც, ამიტომ თუ რუსეთი და ამერიკა ვაჭრობას დაიწყებენ, რა თქმა უნდა, ის საკითხი, რომ ჩვენ დავაწესოთ რუსეთთან ეკონომიკური სანქციები დღის წესრიგში საერთოდ აღარ იდგება. შესაბამისად ეს გამაღიზიანებელი ფაქტორი მოიხსნება და რა თქმა უნდა, ჩვენ დავუბრუნდებით იმ ურთიერთობებს, რომელიც აქამდე გვქონდა.
ზოგადად ეს პრობლემები, რომლებიც ჩვენს რეგიონში იყო და უსაფრთხოების საკითხები, თუ ეს უსაფრთხოების საკითხები გადაიჭრება, რა თქმა უნდა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პირვანდელი ურთიერთობები აღდგება და მე იმედი მაქვს, რომ არა თუ, პირვანდელი ურთიერთობები აღდგება, არამედ ცოტა უფრო ღრმა პარტნიორობაც გვექნება იმიტომ, რომ ჩვენს ურთიერთობებს კი ერქვა სტრატეგიული პარტნიორობა, მაგრამ დიდად შინაარსით დატვირთული ეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან არ იყო.
ჩვენი სურვილი არის, რომ ამ სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა იკითხებოდეს ის გაღრმავებული ურთიერთობები სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის სავაჭრო, ინვესტიციებში, სამხედრო თანამშრომლობაში, განათლებაში რაც, ასე ვთქვათ, საქართველოს გამოარჩევს იმ ურთიერთობებიდან, რომელიც აშშ-ს აქვს სხვა სახელმწიფოებთან პოსტსაბჭოთა სივრცეში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.