მაკა ბოჭორიშვილი: თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად

„თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. საგარეო საქმეთა მინისტრთან მქონდა ძალიან ხანგრძლივი და კარგი დისკუსია ყველა იმ საკითხზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, ასევე საქართველოსა და თურქეთის ორმხრივი ურთიერთობებისთვის“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან თურქეთში მისი ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

„მოველით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ თურქეთის პრეზიდენტს – ამაზე ვიმუშავებთ მეც და ჩემი თურქი კოლეგაც“, – აღნიშნა მინისტრმა.

გარდა ამისა, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, დეტალურად იქნა განხილული რეგიონული თანამშრომლობის საკითხები.

„ორივე მივესალმებით სამმხრივ ფორმატში – საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობას. უახლოეს მომავალში შევთანხმდით რომ გვექნება შეხვედრა სამმხრივ ფორმატში, რომელსაც თურქეთის მხარე უმასპინძლებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა, რეგიონული თანამშრომლობის ინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნულ ფორმატში ურთიერთობების გაძლიერების და გამყარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„სამ ქვეყანას შორის მტკიცე თანამშრომლობამ და სტრატეგიულმა პარტნიორობამ წვლილი უნდა შეიტანოს უფრო ფართოდ რეგიონის საკეთილდღეოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში“, – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშეა და აქტიურად არის ჩართული ყველა იმ პროცესში, რაც გლობალურად მნიშვნელოვანია, მათ შორის რუსეთ- უკრაინის კონფლიქტი, სირიის საკითხი და ახლა აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები.

„ეს ყველაფერი ახდენს გავლენას ჩვენს რეგიონზე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი და  მუდმივი კომუნიკაცია თურქეთთან.

კმაყოფილი ვარ, რომ თურქი კოლეგის მხრიდან არის ასევე გახსნილობა იმასთან დაკავშირებით, რომ

ეს ურთიერთობა იყოს ბევრად უფრო მყარი, უფრო ორიენტირებული იმაზე, რომ ჩვენ ერთად ერთობლივი ძალებით მოვახდინოთ რეგიონში უფრო კარგად პოზიციონირება საქართველოსა და თურქეთის ინტერესების“, – აღნიშნა მინისტრმა.

ასევე, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საინტერესო შეხვედრა გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარესთანაც. „უახლოეს მომავალში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, ესეც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის უმაღლეს დონეზე წარმართვის და პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები