ე.წ. ფარული მოსმენებზე კანონში შეტანილ ცვლილებებს სატელეკომუნიკაციო კომპანიები ეწინააღმდეგებიან

  ე.წ. ფარული მოსმენებზე კანონში შეტანილ ცვლილებებს სატელეკომუნიკაციო კომპანიები ეწინააღმდეგებიან. კომპანიები ელექტრონულ საკომუნიკაციო კომპანიებს პერსონალურ მონაცემთა კატეგორიაში მოაზრებული მონაცემების ორი წლის ვადით შენახვის ვალდებულების განსაზღვრას არ ეთანხმებიან.
სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარლამენტს კანონპროექტის მომზადებისას მათი პოზიცია არ გაუთვალისწინებია.
„სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ამ სფეროში მოქმედი არც ერთი კომპანია ჩართული არ იყო, უფრო მეტიც, ეს ცვლილება ჩვენთვის მხოლოდ მისი ძალაში შესვლის შემდგომ გახდა ცნობილი. ჩვენი შეხედულებით, აღნიშნული მონაცემების შენახვა კერძო კომპანიის სერვერებსა და ინფორმაციის საცავებზე არ არის მიზანშეწონელი: დიდია რისკი, რომ ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მოქმედი კომპანიების უფლებამოსილ პირებს შეუზღუდავი წვდომა ექნებათ ამგვარ მონაცემებზე”, – აცხადებენ “მაგთიკომში” და აქვე აღნიშნავენ, რომ კომუნიკაციის სფეროს კომპანიების მმართველობა შესაძლებელია, ნებისმიერ დროს შეიცვალოს და არსებობს რისკი, ახალმა მენეჯმენტმა აღნიშნული მონაცემები აბონენტთა და საქართველოს ინტერესების საზიანოდ გამოიყენოს
“გაკვირვებას იწვევს, რომ კანონმდებელი უფრო ენდობა კერძო, ვიდრე სახელმწიფო, საჯარო უფლებამოსილების მქონე სტრუქტურებს”, – აცხადებენ “მაგთიკომში”.
2014 წლის 1 აგვისტოს მიღებულ ცვლილებათა პაკეტზე განცხადებას სააქციო საზოგადოება “სილქნეტიც” ავრცელებს. კომპანია ყველა საკანონმდებლო სიახლეს მიესალმება, რომლის მიზანიც მოქალაქეთა პერსონალური ინფორმაციის დაცულობის მექანიზმების სრულყოფაა. „სილქნეტში“ ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი ცვლილებების განხორციელება, კომპანიებისგან ტექნიკური აღჭურვილობის მნიშვნელოვან განახლებას მოითხოვს.
“კანონის მიხედვით, საკმაოდ შემჭიდროებული ვადები განისაზღვრა. მიგვაჩნია, რომ ამ ვადებში ცვლილებებისთვის აუცილებელი ტექნიკური გადაირაღების სრულყოფილად შესრულება შეუძლებელია. ხოლო დამატებითი დაფინანსების გარეშე გართულდება იმ ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა, რასაც ეს ცვლილებები მოითხოვს”, – აცხადებენ „სილქნეტში“.
სატელეკომუნიკაციო კომპანიების ინფორმაციით, პერსონალურ მონაცემთა კატეგორიაში იგულისხმება: მობილურ და ფიქსირებულ ქსელში განურჩევლად ყველა მომხმარებლის – ზარის განმახორციელებელი და ზარის მიმღები პირების ტელეფონის ნომერი, ვინაობა, მისამართი, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ინტერნეტსივრცეში მათი ყოველგვარი გადაადგილების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, კომუნიკაციისას გამოყენებული მოწყობილობა, დრო და ხანგრძლივობა. ამასთან, განისაზღვრა ქსელში განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსის რეალური დროის რეჟიმში უფლებამოსილი უწყებებისათვის მიწოდების ვალდებულება.

წყარო: pia.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები