ლევან მახაშვილი: ახალმა ტექნოლოგიებმა და სოციალურმა მედიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი საარჩევნო გარემო – დღეს ისინი წარმოადგენს, როგორც შესაძლებლობას დემოკრატიული პროგრესისთვის, ისე გამოწვევას საარჩევნო პროცესებისთვის
ახალმა ტექნოლოგიებმა და სოციალურმა მედიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი საარჩევნო გარემო. დღეს ისინი წარმოადგენს, როგორც შესაძლებლობას დემოკრატიული პროგრესისთვის, ისე გამოწვევას საარჩევნო პროცესებისთვის, – ეს განცხადება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტზე გააკეთა.
„საქართველოში, პირველად ჩვენს ისტორიაში, გამოვიყენეთ SmartMatic-ის ელექტრონული აპარატები ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის, ხმის მიცემის, დათვლისა და საარჩევნო ოქმების შეჯამებისთვის – რაც ამომრჩევლების 90%-ზე მეტს მოიცავდა. ამ მნიშვნელოვანმა ინიციატივამ არსებითად შეამცირა ადამიანური შეცდომები და პრაქტიკულად აღმოფხვრა რამე სერიოზული საარჩევნო დარღვევები. საერთო ჯამში, აღნიშნულმა ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას საარჩევნო სისტემის მიმართ. ასე რომ, ახალი ტექნოლოგიების არ უნდა შეგვეშინდეს.
თუმცა, ტექნოლოგიის შესაძლებლობა, რომ გაზარდოს საზოგადოებრივი ნდობა, რისკებსაც შეიცავს, როდესაც მას ადამიანები ბოროტად იყენებენ. მაგალითად, 2024 წელს, საქართველოში ვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არჩევნების დისკრედიტაცია და პოლიტიკური პროცესების დესტაბილიზაცია ოპოზიციური ჯგუფების და მათთან დაკავშირებული უცხოური აქტორების მიერ კოორდინირებული დეზინფორმაციისა და სიცრუის კამპანიების მეშვეობით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალი ტექნოლოგიების და მედიის მხრიდან დემოკრატიული პროცესის მდგრადობისა და საარჩევნო მთლიანობის გასამტკიცებლად, აუცილებელია, რომ მათი გამოყენება ხდებოდეს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტების უპირობო დაცვით. მიმდინარე საგაზაფხულო პლენარულ სესიაზე საქართველო ორივე მიმართულებით აქტიურად იმუშავებს, რათა გააუმჯობესოს როგორც პოლიტიკური ჩარჩო, ისე მისი პრაქტიკული განხორციელება საზოგადოებრივ და მედიის სფეროებში.
მოხარული ვიქნებით, ვითანამშრომლოთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დაინტერესებულ წევრებთან, რათა შევისწავლოთ ამ მიმართულებებით თქვენი საუკეთესო გამოცდილება.
და ბოლოს, მინდა გამოვეხმაურო კომიტეტის ანგარიშის რეპორტიორს, ქალბატონ ოდებრინკს. სანამ სიტყვებს „პოლიტიკური რეპრესიები“ გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 29 ადამიანზე, რომელთა მიმართაც არის სისხლის სამართლის დევნა დაწყებული, რადგან მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ პოლიციელებს და თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და თითოეულ მათგანზე არის კონკრეტული ვიდეო მტკიცებულებები. საქართველოს ხელისუფლება მზად არის თქვენთან და თქვენს გუნდთან თანამშრომლობისთვის და ამ ვიდეო მტკიცებულებების გაზიარებისთვის თქვენი ანგარიშის წერის პროცესში“, – განმარტა ლევან მახაშვილმა.