ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო ცენტრში, დანით თავდასხმის შედეგად 2 ქალი გარდაიცვალა,- ამის შესახებ Apnews-ი წერს.
ეჭვმიტანილი, 16 წლის ჩეხეთის მოქალაქე პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 1 კილომეტრის დაშორებით, თავდასხმიდან მალევე დააკავა. მიმდებარედ იპოვეს დანაც.
პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
„ის, რაც დღეს ხრადეც კრალოვეში მოხდა, აბსოლუტურად გაუგებარი და საშინელი საქციელია“, – დაწერა მან X-ზე.
თავდასხმის მოტივი უცნობია. პოლიცია აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.