“სოხუმში სახელმწიფოობანას თამაშის მორიგი აქტი ჩაატარეს, იქ იმარჯვებს ის, ვინც რუსეთის სატელიტია და გააკეთებს იმას, რასაც რუსეთი უბრძანებს”- თამაზ ხუბუა ე.წ. არჩევნებზე

“სოხუმში სახელმწიფოობანას თამაშის მორიგი აქტი ჩაატარეს”- ასე ეხმაურება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამაზ ხუბუა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებს.

როგორც ხუბუამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ე.წ. არჩევნები მორიგი ფარსი იყო.

“რაც შეეხება ე.წ. არჩევნებს, ეს იმდენადაა საინტერესო ჩვენთვის,  რამდენადაც ეს პოლიტიკური პროცესები ჩვენს მშობლიურ მხარეში, საქართველოს ძირძველ რეგიონში  მიმდინარეობს და უნდა ვფლობდეთ იმ ინფორმაციას, თუ რა გავლენებია პოლიტიკური თვალსაზრისით და რას ემსახურება ნებისმიერი პოლიტიკური აქტი. ეს ე.წ. არჩევნებიც მორიგი ფარსი იყო. ვიცით, რომ გუმბამ მიიღო 46%,  არძინბამ 37%, დანარჩენი კი, ძალიან ცოტა რაოდენობა ბარციცმა, არშბამ, ხურხუმალმა. თუ   დე ფაქტო ე.წ. საარჩევნო კომისიის სტატისტიკურ მონაცემებს დავუჯერებთ, სულ 150-ზე მეტი უბანი იყო რეგისტრირებული. მათ შორის ორი იყო რუსეთში, ერთი მოსკოვში, მეორე ჩერკესკში,  რომელიც ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური რესპუბლიკაა. დაგეგმილი იყო თურქეთში გახსნაც,  მაგრამ საბედნიეროდ, თურქეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ იქ ე.წ. საარჩევნო უბნის გახსნა აკრძალა. როგორც ე.წ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტატისტიკა მოწმობს, 65-67%-მა მიიღო მონაწილეობა ეს დაახლოებით 100 000-მდე ამომრჩეველია. ჩვეულებრივი მომენტია, რომ ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს ინფორმაციას,  რომ ამ ე.წ. არჩევნებში ამომრჩევლების ძალიან შთამბეჭდავმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ დამკვირვებელთა რაოდენობა მკვეთრად შეზღუდული იყო. შეიძლება,ვთქვათ,  რომ თითო-ოროლა დამკვირვებლის გარდა,  მონაწილეობა არ მიუღიათ ამ ე.წ. არჩევნებში. სოხუმში კიდევ ერთხელ სახელმწიფოობანას თამაშის მორიგი აქტი ჩაატარეს. თითქოს, ეს  დამოუკიდებელი, თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნების პირველი ტური იყო. მეორე ტურის ჩატარება პირველ მარტს არის დანიშნული”- განაცხადა ხუბუამ.

მისივე თქმით, აფხაზეთის ლეგიტიმური ორგანო   დევნილობაში მყოფი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოა, რომელიც ზეგ  სპეციალურ დადგენილებას მიიღებს და ე.წ. არჩევნებს არაკანონიერად გამოაცხადებს.

“რა შეგვიძლია, ამ საკითხებთან დაკავშირებით ვთქვათ : ე.წ. არჩევნებმა აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ევროკავშირიდან, ზოგიერთი სხვა პოლიტიკური საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. აფხაზეთის  ლეგიტიმური ორგანო სინამდვილეში დევნილობაში მყოფი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოა, რომელსაც მე წარმოვადგენ და ზეგ ჩვენ სპეციალური  დადგენილება უნდა განვიხილოთ და  ჩატარებული ღონისძიება არაკანონიერად ჩავთვალოთ. რა შედეგზე შეიძლება, ვისაუბროთ რაც თქვენც, ჩვენც და სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლებს აინტერესებთ: იყო, თუ არა ეს აფხაზეთში, ასე ვთქვათ, ყოფილი პრეზიდენტისადმი უნდობლობის გამოცხადება, რაღაც დემოკრატიული მშენებლობის გზაზე გაკეთებული განცხადება. მე, პირადად, ვფიქრობ, რომ ეს მოსკოვიდან დელეგირებული სახსრების და ინვესტიციისადმი ხელმისაწვდომობის ჩვეულებრივი გადანაწილება იყო, ერთი მუჭა ადამიანები, ერთმანეთს ეჯიბრებიან, ცდილობენ, რომ მეტ-ნაკლები ინტენსიურობით, მოსკოვიდან დე ფაქტო აფხაზეთის ბიუჯეტის შევსების  სახსრების გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ესენი არიან სხვადასხვა ჯგუფების მაფიოზური წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ, შექმნილი მდგომარეობა მათ სასარგებლოდ გამოიყენონ და მერკანტილური მოსაზრებებით იმ სახსრებს, რომელიც, თითქოსდა, დემოკრატიული აფხაზეთის ხელისუფლების მხარდასაჭერადაა, ადგილი  თავის ჯიბეში მიუჩინონ. ეს ადამიანები კრემლთან გარიგებაში შესული ადამიანები არიან. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს გუმბას, არძინბას, ბარციცის განცხადებები, რომ ისინი მზად არიან, ინვესტიციასა და აპარტამენტებზეც  ცნობილი დადგენილების განხილვას ისევ დაუბრუნდნენ და ამ საკითხებზე იმუშაონ. უბრალოდ, ეს იყო ამომრჩევლებისთვის,  საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის გაკეთებული განცხადება, მაგრამ რუსეთს  თავისი გავლენის გაძლიერებისთვის და აფხაზეთის,  საქართველოს ამ ძირძველი რეგიონის საბოლოოდ ჩამოშორებისათვის ამ პროცესის, ანექსიის ესკალაციის გაძლიერება აწყობდა. მე  როგორც აფხაზეთიდან დევნილ პოლიტიკოსს და ადამიანს იმდენად მაინტერესებს იქ მიმდინარე პროცესები, რამდენადაც ეს ჩემს სახლში ხდება და მაინც ჩვენ ინფორმაცია უნდა გქონდეს, თუ რა პროცესები ვითარდება. აქვე  მინდა, ერთ გარემოებას გავუსვა ხაზი, ხურხუმალმა, რომელმაც ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო, 1%-იც არ მიუღია, ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდში შეხვედრების დროს განაცხადა, როცა რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა,  მაშინ  ჩვენი დამოუკიდებლობაც და ჩვენი დემოკრატია რუსეთს ჩავაბარეთო. ასეთმა ადამიანმა მონაწილეობა მიიღო არჩევნებში. ის 1%-იც რომ მიიღო, მე ძალიან მიკვირს.

ამ არჩევნებიდან გამომდინარე, არავითარი ცვლილება და პოლიტიკური გავლენა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან თბილისთან, ნორმალური, სამართლებრივად გამართული ურთიერთობის დათბობისა არ უნდა ვიგულისხმოთ”- განაცხადა ხუბუამ.

მისივე თქმით, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში იმარჯვებს ის, ვინც რუსეთის სატელიტია და გააკეთებს ყველაფერ იმას, რასაც რუსეთი უბრძანებს.

“რა თქმა უნდა, კრემლი ვის პარადიგმებში, გამონათქვამებში, პერსპექტივაში, სამოქმედო იმედებშიც  უფრო დარწმუნდება, ის მიიღებს ხმას. ახლა მე ვთქვი ე.წ. საარჩევნო კომისია -მეთქი და იმ სტატისტიკას, რომელიც ცხადდება, ვინ ამოწმებს? ამაში არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ იღებს მონაწილეობას. ისინი გაავრცელებენ იმ ინფორმაციას, რომელიც მათ მსოფლიო საზოგადოების თვალში ისე წარმოაჩენს, რომ, აი, იქ ძალიან დიდებული, გამჭვირვალე, ასე ვთქვათ, არჩევნები ჩატარდა.   რა თქმა უნდა, ეს რუსეთის მთავარი მხარდამჭერის გასვლის ღონისძიებაა, იმიტომ,  რომ იმ ახალარჩეულ,  ე.წ. პრეზიდენტს  ცოტას  სახრავად გადაუგდებენ, კრემლი კი თავის პოლიტიკურ, ექსპანსიონისტურ, ეკონომიკურ-სოციალურ ღონისძიებებს გაატარებს. ეს არის ამ რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში რაღაც ფორმით გაერთიანების მცდელობები. იქ იმარჯვებს ის, ვინც რუსეთის სატელიტია და გააკეთებს  ყველაფერ იმას, რასაც რუსეთი უბრძანებს”- განაცხადა ხუბუამ.

ცნობისთვის, 15 თებერვალს, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აქტივობამ 69% შეადგინა, კენჭისყრაში თითქმის 99 000 ადამიანი მონაწილეობდა. მათივე ინფორმაციით, მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ ადგურ არძინბა, რომელმაც 36,92% დააგროვა და ბადრა გუნბა, რომელმაც ხმების 46,38% მიიღო. ე.წ. არჩევნების მეორე ტური 1-ელ მარტს გაიმართება.

 

თამუნა შეყილაძე 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები