არჩილ გორდულაძე: ევროპის ქვეყნებიდან და რიგი პოლიტიკოსებისგან მომდინარე უსამართლობაზე არა მხოლოდ ჩვენი გუნდი, არამედ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტიც საუბრობს
„არა მხოლოდ ჩვენი გუნდის ლიდერები საუბრობდნენ და საუბრობენ უსამართლობაზე, რომელიც, სამწუხაროდ, ევროპის ქვეყნებიდან და რიგი პოლიტიკოსებისგან და თანამდებობის პირებისგან მომდინარეობს, არამედ ამ ყველაფერზე საუბრობს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტიც,“ – ამის შესახებ არჩილ გორდულაძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის გუშინდელი გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამას ტყუილს უწოდებდნენ და მათ ახლა ბევრი რამის აღიარება მოუწევთ.
„ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენს მიმართ განსაკუთრებული აგრესია და უსამართლობაა, ეს ადამიანები ცდილობენ, ჩვენს ქვეყანაში გარკვეული დონორების გამოყენებით დააფინანსონ ისეთი კამპანიები, რომელიც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება, არავის სჯერა. მათ შორის, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამას ტყუილს უწოდებდნენ, ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწია აღიარება, თურმე „დიფ სთეითიც“ არსებობს. ბოლოს იქამდე მივლენ, იტყვიან, რომ, დიახ, გლობალური ომის პარტია ზუსტად ის „დიფ სთეითიაო“. მათი მართული ჟურნალისტები რომ დადიოდნენ და ჩვენი გუნდის წევრებს ეკითხებოდნენ – აბა, სად არის გლობალური ომის პარტია დარეგისტრირებულიო, ახლა საინტერესოა, სად არის შტატი და „დიფსთეითი“, რომელიც გუშინ აღიარეს. ბევრი რამის აღიარება მოუწევთ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ პატრონებს უკვე აღარ შეუძლიათ, დამალონ თავიანთი არსებობის შესახებ და ახლა უნდა გადაარჩინონ თავიანთი აგენტურა ჩვენს ქვეყანაში. ის აგენტურა, რომელიც მოქმედებს ევროკავშირში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რომელსაც ასე ამხელს ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები“, – განაცხადა გორდულაძემ.