ლევან მახაშვილი: პოლიტიკა დანაშაულისგან გაქცევის სივრცე ვერ იქნება
“დანაშაულისგან გასაქცევი სივრცე ვერ იქნება პოლიტიკა – თუ არსებობს კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული მტკიცებულებები დანაშაულის, მაშინ ამას მოჰყვება აუცილებლად შესაბამისი რეაგირება”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი ლევან მახაშვილი საბოტაჟის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რომელიც „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
მახაშვილის თქმით, საკითხს სერიოზულად უდგებიან.
„ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ჩვენ ამ თემას იმიტომ, რომ საქმე გვაქვს არა ერთ რომელიმე უწყინარ პროცესთან, არამედ ძალიან სერიოზულ, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ შესაძლო დანაშაულთან და ამიტომ თითოეული პროცესი, თითოეული ნაბიჯი იქნება დეტალურად შესწავლილი და საზოგადოებას ექნება აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია თითოეულ პროცესთან დაკავშირებით. დანაშაულისგან გასაქცევი სივრცე ვერ იქნება პოლიტიკა – თუ არსებობს კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული მტკიცებულებები დანაშაულის, მაშინ ამას მოჰყვება აუცილებლად შესაბამისი რეაგირება განურჩევლად იმისა, ეს ადამიანი პოლიტიკოსია, ფეხბურთელია თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, რითაც მათივე თქმით, ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენას და მათი საქმიანობის გამოძიებას მოითხოვენ.