ქუთაისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 22 მილიონი ლარი დაიხარჯება
2025 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ განსაზღვრული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში, ქუთაისში 22 მილიონი ლარის სამუშაოები განხორციელდება. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული პროგრამით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს.
“საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით, გასულ წელს დაიწყო და გრძელდება მდინარე ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტი მოიცავს ავტომშენებლის გამზირზე (#32 საჯარო სკოლიდან – დადიანის ქუჩამდე) მდინარის კალაპოტის მოწყობა გაბიონური სისტემით. 4.1 მლნ ლარის ღირებულების პროექტით განსაზღვრულია 1 980 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე მდინარის კალაპოტის რეაბილიტაცია. გაფრინდაშვილის ქუჩაზე, სადაც განვითარდა მეწყრული პროცესები, დაწყებულია გამაგრებითი სამუშაოები, ეწყობა საყრდენი კედლები და საგზაო ინფრასტრუქტურა, პროექტის ღირებულება შეადგენს 13,9 მლნ ლარს და გათვალისწინებულია როგორც გეოდინამიკური პროცესების მართვა და სტაბილიზაცია, ასევე არეალში მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შენარჩუნების პირობა. მიმდინარე წელს, ასევე დაგეგმილია მწვანეყვავილას ქუჩის #12-15-ის მიმდებარედ ეროზიული ფერდის დამაგრების ღონისძიებების განხორციელება. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 4 მილიონ ლარს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.