დაიბადა ქუთაისში. პროფესიით ისტორიკოსი და ხელოვნებათმცოდნეა. 2010 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სფეროში. ფლობს მხატვრული ქარგვისა და დიზაინის 4 მიმართულებას: რესტავრაციას, ტიხრულ მინანქარს, თექას, მოზაიკას. თურქული ხელოვნების Ebru-ს პირველი ქართველი მხატვარია (პედაგოგი) საქართველოში. ფლობს ოსმალურ კალიგრაფიას, მინიატურას და ქაღალდის მოვარაყებას. შექმნა 1000–ზე მეტი საავტორო ნამუშევარი როგორც საერო, ასევე საეკლესიო თემატიკაზე. არის რესტავრატორი და ქსოვილის მხატვრული დამუშავების ექსპერტი.
2012 წლიდან დღემდე მონაწილეობდა გამოფენებში, ფესტივალებსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მისი ნამუშევრები შესულია ქართულ და უცხოურ კატალოგებში.
2019 წლიდან არის „ხელსაქმის საგანმანათლებლო და პოპულარიზაციის საერთაშორისო ასოციაციის“ თანადამფუძნებელი პრეზიდენტი, მრავალი გამოფენების ორგანიზატორი და მონაწილე.
2020 წლიდან დღემდე, კვლევების შედეგად, პოპულარიზაციის მიზნით, ინტერნეტსივრცეში გამოაქვეყნა ათეულობით ხელოვანის პუბლიკაცია, ინტერვიუ, ფოტომასალის თანხლებით. – არტდიზაინერ დარიკო ჩიხლაძის პერსონა.
– გაიხსენეთ ბავშვობის წლები…
– ქუთაისიდან ვარ! სკოლა და უნივერსიტეტი ქუთაისში დავამთავრე. ჩემი ფესვები ბაღდათიდან მოდის, რომელიც ძალიან მიყვარს და ხშირად ვსტუმრობ მამაპაპისეულ კარ-მიდამოს. ძალიან კარგად მახსენდება ადრეული ბავშვობის წლები და მადლობა, რომ კითხვიდან გამომდინარე ბევრი საუკეთესო წლები გამახსენეთ. ყველაფერი საინტერესო და სახალისო იყო. სკოლის გარდა ძალიან დატვირთული ვიყავი, ფაქტობრივად თავისუფალი დრო არ მქონდა. სპორტი, სამეჯლისო ცეკვა, დრამატული წრე, აქტიური წრე და ა.შ. მაგრამ ეს ლაღი ბავშვობა 90-იანი წლების რთულმა პერიოდმა შთანთქა. შეჩერდა და გაქრა ყველაფერი.
![](http://kvira.ge/wp-content/uploads/2025/02/IMG_1502.jpeg)
სტუდენტობაც ასეთ რთულ პერიოდში გავიარე. ნაკლებად იყო ტრანსპორტი. უნივერსიტეტში ხშირად ფეხით გვიწევდა სიარული. ნაკლებად იყო აქტივობა, ექსკურსიები, კონცერტები, კინო, თეატრი. უნივერსიტეტის გარეთ ერთადერთი შეკრების ადგილი საჯარო ბიბლიოთეკა იყო, სადაც თემებისა და საგამოცდო საკითხების მომზადებისთვის ვიკრიბებოდით. ნაკლებად იყო, შუქი, წყალი, ბუნებრივი აირი და ა.შ. ამ პერიოდსაც გავუძელით. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და ვთვლი, რომ მაინც საინტერესო სტუდენტობა მქონდა.
ასე დავამთავრე უნივერსიტეტი ისტორიის განხრით და სწავლა გავაგრძელე თბილისის ივანე ჯავახიშვილის ისტორიის ინსტიტუტში – ასპირანტურაში.
– თქვენი შემოქმედება მრავალფეროვანია: მხატვრული ქარგვა, თექა, ტიხრული მინანქარი, მოზაიკა, Ebru (წყალზე ხატვა) ოსმალური კალიგრაფია, მინიატურა, ქაღალდის მოვარაყება…
– მადლობა შეფასებისთვის, დიახ! ჩემი შემოქმედება, მართლაც, მრავალფეროვანია. მე იმ ადამიანების ჯგუფს მივეკუთვნები, რომლისთვისაც ,,სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი, მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი“ ან უფრო სწორად, „სწავლა სიბერემდეაო“. 2000 წლიდან ვმოღვაწეობ თბილისში. ჩამოთვლილი სპეციალობებიდან ყველა დარგს თბილისში დავეუფლე – როგორც ქართულ ტრადიციულს, ასევე თურქული ტრადიციული ხელოვნების მიმართულებებს.– Ebru-ს პირველი ქართველი მხატვარი ხართ. გყავთ მოსწავლეები. რატომ არის Ebru საინტერესო? რამდენად არის მისდამი ინტერესი საქართველოში?
– რაც შეეხება Ebru-ს, პირველი მხატვარ-პედაგოგის ჩამოყალიბებაში დიდი როლი მიუძღვის თბილისის იუნუს ემრეს სახ. ინსტიტუტს. 2015-2016 წლებში, როდესაც ინსტიტუტში ვეუფლებოდი თურქულ ენას, მოეწყო ჩემთვის ძალიან საინტერესო პროექტები, სადაც მომეცა საშუალება, დავუფლებოდი: Ebru-ს (წყალზე ხატვა), ძველ ოსმალურ კალიგრაფიას, მინიატურისა და ქაღალდის მოვარაყებას. ლექციებს გვიტარებდნენ მაღალი რანგის პედაგოგები თურქეთიდან. ასე დავეუფლე თურქული ტრადიციული ხელოვნების მიმართულებებს.
2019 წლიდან ამავე ინსტიტუტში Ebru-ს მიმართულებას ვასწავლი. მყავს თითქმის ყველა ეროვნების სტუდენტი და, რა თქმა უნდა, ასაკის მიუხედავად, დიდი დაინტერესება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ Ebru-ს მიმართულებით პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში (ლისის ფილიალში), სადაც ვარ Ebru-Art-ის კლუბის პედაგოგი, სადაც ამავე სკოლის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, შეისწავლონ ძველი თურქული ტრადიციული ხელოვნების მიმართულება, რომელიც შუა საუკუნეებიდან მომდინარეობს.
– მხატვრულ ნაქარგს – სახელმწიფო სიმბოლიკას – საუკუნის ნაქარგობა უწოდეს. ასევე გამორჩეულია ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა. როგორ შეიქმნა ეს ნაქარგობანი?
![](http://kvira.ge/wp-content/uploads/2025/02/IMG_2756.jpeg)
– თქვენს კითხვას ნაქარგობის შესახებ, წლების ისტორიები უძღვის წინ, მაგრამ შევეცდები მოკლედ გიპასუხოთ, 2011-2013 წლებში დავეუფლე ქართული ტრადიციული საერო და საეკლესიო ნაქარგობას: ოქრომკედისა და ვერცხლმკედის, ჯვრული ტექნიკით, ხევსურულ ორნამენტებსა და მძივურ ნაქარგობას. შევქმენი ათეულობით სამუზეუმო ნაქარგობის ორიგინალის ასლები როგორც საერო, ასევე საეკლესიო ხელოვნების მიმართულებით.
რაც შეეხება ნაქარგს სახელმწიფო სიმბოლიკას, რომელსაც საუკუნის ნაქარგობა უწოდეს, არის საქართველოს პრეზიდენტის გერბი „შტანდარტი“, რომლითაც ვამაყობ! ურთულესი შესასრულებელი და ძალიან საპასუხისმგებლო იყო. ზოგადად, ძალიან მიყვარს რთული და, ამავდროულად, ისტორიული დანიშნულების ნამუშევრების შექმნა. ქართული ანბანის სამი სახეობის მოქარგვას თან ერთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, რომლის განხილვაც მოხდა იუნესკოში და ქართულ ანბანს მიენიჭა ძეგლის სტატუსი.
![](http://kvira.ge/wp-content/uploads/2025/02/8dbcae89-1bc9-4b28-90d1-badb28ed69b9.jpeg)
ანბანის მოქარგვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ტრადიციული რეწვის ასოციაციის დაკვეთა იყო. მოიქარგა 60 ერთეული წიგნის სანიშნე ქართული ანბანის სამი სახეობით ხავერდის ქსოვილზე, რომელიც პროექტის განხილვის დროს ნიმუშებად გადაეცა კომისიას და დელეგაციის წევრებს. საპასუხისმგებლო და ისტორიული მნიშვნელობის დავალება იყო. ანბანი მოიქარგა ძველ ხელნაწერებში არსებული საზედაო ასოების მიხედვით.
– ერთი ნამუშევარი და მისი ისტორია.
![](http://kvira.ge/wp-content/uploads/2025/02/IMG_1326.jpeg)
– ყველა ნამუშევარს, დანიშნულებიდან გამომდინარე, თავისი ისტორია აქვს. ერთ-ერთს მოკლედ მოგახსენებთ. 2013-2014 წლებში მოვქარგე მე-17 საუკუნით დათარიღებული საეკლესიო დანიშნულების ნივთის ასლი, რომლის ორიგინალი დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. გადავწყვიტე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის – ილია მეორისთვის მეჩუქებინა ნიშნად მადლიერებისა, რადგან ეს ხელოვნება ორი საუკუნის განმავლობაში დაკარგული იყო, პატრიარქის ძალისხმევითა და ლოცვა-კურთხევით აღდგა და დღეს განვაგრძობთ ამ დარგში მუშაობას.
2014 წელს ძალიან საინტერესო და მასშტაბური გამოფენა მოეწყო სამებაში, გამოიფინა ქართული ტრადიციული საერო და საეკლესიო დანიშნულების ნამუშევრები, სადაც პატრიარქი ილია მეორე და საპატრიარქოს წარმომადგენლები გვესტუმრნენ. სწორედ ამ დროს დავაპირე გადამეცა პატრიარქისთვის საჩუქრად ჩემი ნამუშევარი. როდესაც შევთავაზე და საგამოფენო შუშა ავწიე, მესმის უსათნოესი ხმა – „ჯერ იყოს“.
ყურადღებით შეავლო თვალი ნამუშევრებს, თავზე ხელი დამადო, დამლოცა და გადაინაცვლა მომდევნო ავტორთან. რომ წავიდა, გული დამწყდა, მაგრამ გადის დრო და პატრიარქის ლოცვით ეს ნამუშევარი იმარჯვებს ერთ-ერთ მასშტაბურ ორწლიან პროექტში საზღვრებს მიღმა, სადაც მხოლოდ მე ერთი ვიყავი ქართველი. 2 წლის განმავლობაში ამ ნამუშევარმა 70 ქალაქი მოიარა, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც ძველი ქართული ტრადიციული ტექნიკებით შესრულებულმა ხელოვნების ნიმუშმა. ბევრჯერ დაიწერა უცხოურ პრესაში, დაიბეჭდა საერთაშორისო დონის კატალოგში და ასე დაუბრუნდა საქართველოს. ასეთი დიდი მადლი დამიტოვა პატრიარქთან შეხვედრამ, რომელიც მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება.
![](http://kvira.ge/wp-content/uploads/2025/02/IMG_0658.jpeg)
– რომელ კოლექციებშია თქვენი ნამუშევრები?
– ჩემი ნამუშევრები დაცულია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, სახელმწიფო დაწესებულებებსა და ტაძრებში.
– უამრავი გამოფენის მონაწილე რომელს გამოარჩევდით?
– ჩემთვის გამორჩეულია ყველა გამოფენა, რომელშიც უდიდეს შრომას ვდებ და ბოლომდე ვიხარჯები. განსაკუთრებით გამოვარჩევდი 2016 წელს ქუთაისში ნიკო ბერძენიშვილის სახ. სახელმწიფო მუზეუმში მოწყობილ გამოფენას, რომელიც მიეძღვნა ჩვენი უძლიერესი პედაგოგის, ეთერ უროტაძის (მონაზონი დედა თამარი) ხსოვნას, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ტრადიციული ნაქარგობის აღორძინების საქმეში.
ამ გამოფენის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი ვიყავი და, როგორც ქუთაისელმა, ჩემს ქალაქში ავიღე ბევრი ვალდებულება. ერთ-ერთი მასშტაბური და საინტერესო გამოფენა მოეწყო და ეს განაპირობა იმან, რომ გამოფენის მთავარი ხელმძღვანელი გახლდათ, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ქ-ნი იზოლდა მელიქიშვილი. ასევე გამოფენაში მონაწილეობდნენ ის ბუმბერაზი ხელოვანები, რომლებსაც ქართული ტრადიციული რეწვის აღორძინებასა და შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვით. ჩემთვის ძალიან სამახსოვრო და საამაყო იყო ეს ღონისძიება. ორი ლამაზი და საინტერესო დღე ვაჩუქეთ ქუთაისს.
![](http://kvira.ge/wp-content/uploads/2025/02/IMG_1884.jpeg)
– 2019 წლიდან ხართ ხელსაქმის საგანმანათლებლო და პოპულარიზაციის საერთაშორისო ასოციაციის თანადამფუძნებელი პრეზიდენტი… რას გეგმავთ უახლოეს მომავალში?
– ამ კითხვასაც თავისი წინაპირობა ახლავს. ზემოთ ხსენებული ისტორიიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ 2015 წლიდან მოყოლებული საინტერესო და მნიშვნელოვან გამოფენებს ვაწყობდით პროფესიონალ ხელოვანებთან ერთად. სწორედ ამან განაპირობა, შეგვეძინა სტატუსი, რომელიც საჭიროებამ განაპირობა და ასეც მოხდა. 2019 წლის ოქტომბერში დავრეგისტრირდით ზემოთ ხსენებული სახელწოდებით და დღემდე მოვდივართ. ვემსახურებით ტრადიციული ხელსაქმის პოპულარიზაციას, პედაგოგიურ საქმიანობას, რათა ეს უმნიშვნელოვანესი ქართული საქმე არ დაიკარგოს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ცოდნა გადავცეთ მომავალ თაობებს, რათა კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და განვითარდეს.
– ოჯახი…
– მიუხედავად ჩემი კარიერისა, რომელსაც ბევრი დრო და უძილო ღამეები მივუძღვენი, ოჯახი არის ჩემთვის პრიორიტეტი. მამა კარლო თევდორაძე. წარმოშობით ბაღდათიდან არის. პროფესიით ინჟინერია. 80-90 წლებში დიდი როლი მიუძღვის ფოთისა და ქუთაისის აღმშენებლობაში. დედა ნუცა გახარია – კერვის ტექნოლოგი, დიზაინერი. სწორედ დედისგან გამომყვა ხელსაქმის სიყვარული. მყავს 3 უფროსი და – ნინო, მარინე, გულიკო, რომლებიც ხელისგულზე მატარებდნენ და დღესაც ასე გრძელდება.
18 წლის ასაკში დავოჯახდი. თევდორაძე ჩიხლაძის გვარმა შეცვალა და დღეს მეუღლის გვარით ვარ ცნობილი.
![](http://kvira.ge/wp-content/uploads/2025/02/shvilebi.jpg)
მეუღლე მალხაზ ჩიხლაძე, პროფესიით სამხედრო, გენერალთა კლუბის დირექტორია. ვაჟი საბა ჩიხლაძე – პროფესიით დიპლომატი. მოღვაწეობს აშშ-ში. ქალიშვილი დაიანა ჩიხლაძე, პროფესიით დიპლომატი, პირველი ექსპერიმენტული სკოლა დაამთავრა ოქროს მედალზე. ი. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კურსდამთავრებულია, ასევე – წითელი დიპლომით. მაგისტრატურა დაამთავრა ნორვეგიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში.მოღვაწეობს საქართველოში.
სამხედრო პიროვნების მეუღლეობა იოლი არ არის, ძალიან დიდი ვალდებულება მაქვს ოჯახში. გამოგიტყდებით და, გულის სიღრმეში ჩემს თავს რკინის ლედს ვუწოდებ.
მყავს ორი შვილი.
– ჰობი…
– რაც შეეხება ჰობს, თუკი რაიმე ჰობი მქონდა გასულ წლებში, თითქმის ყველა პროფესიად გადამექცა. დღესდღეობით ჩემი ჰობია, აღმოვაჩინო ნიჭიერი ხელოვანი, გავუკეთო პოპულარიზაცია და გავხადო ცნობადი. ჩავრთო აქტივობებში და დავასაქმო. ეს მანიჭებს დიდ სიამოვნებას. ერთი კეთილი სიტყვა, მადლობა და მადლიერება.
– ჯილდოებიდან რომელს გამოარჩევდით?
– ყველა ჯილდო იმდენად მნიშვნელოვანია, ვერცერთს გამოვარჩევდი. გამოვარჩევდი ჯილდოს, რომელიც ღმერთმა მიბოძა – ეს არის ჩემი ნიჭი და ჩემი ოჯახი.
– რას ეტყოდით ხელოვნებაში მოღვაწე მომავალ თაობას?
– წლებია თბილისის მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლის ვაკის ფილიალში ქსოვილის მხატვრული დამუშავების განხრით ვმუშაობ. 7 წლიდან 18 წლამდე გვყავს სტუდენტები. ისეთი მონდომებით შრომობენ და ეუფლებიან ქართული ტრადიციული ხელოვნების დარგებს, რომ გული სიხარულით მაქვს სავსე. მომავალ ხელოვანებს ვზრდით. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ხელოვნებაში მოღვაწე მომავალ თაობებს ვეტყოდი, რომ თავდაუზოგავად იშრომონ, შექმნან ის, რასაც გული კარნახობთ. „სიყვარულით აკეთეთ ქართული ტრადიციული, ეროვნული საქმე, რომელიც მომავალში აუცილებლად წარმოგაჩენთ. იშრომეთ ყველა ასაკში. არ დაიზაროთ და ასაკის გამო არ დაირცხვინოთ. ისწავლეთ. ხელოვნებას არც ასაკი და არც საზღვარი არ აქვს“.
P. S. ცხოვრებაში აღმართსაც ბევრჯერ აივლი და დაღმართსაც ბევრჯერ ჩაივლი, ის ბოლო აღმართი, რომელიც მწვერვალზე აგიყვანს, არ დააყოვნებს და მალე გამოჩნდება. მწვერვალიდან გადმოხედვისას, როდესაც ამდენ განვლილ აღმართ-დაღმართს დაინახავ, შენ თავს შეეკითხები და პასუხსაც შენვე გასცემ: „ნუთუ მე ამდენი შევძელი?! შევძელი, იმიტომ რომ ბევრი ვიშრომე“.
![](http://kvira.ge/wp-content/uploads/2025/02/IMG_2770.jpeg)
![](http://kvira.ge/wp-content/uploads/2025/02/IMG_2772-1.jpeg)
![](http://kvira.ge/wp-content/uploads/2025/02/IMG_2771.jpeg)
![](http://kvira.ge/wp-content/uploads/2025/02/IMG_7860-scaled.jpeg)
თამარ შაიშმელაშვილი