“აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ჩიხში ექცევა: ან რუსეთის წინადადებას უნდა დაეთანხმოს, რაც აფხაზებისთვის ეროვნული ტრაგედიაა, ან არ უნდა დაეთანხმოს, რაც ეკონომიკური კოლაფსი და იგივე ეროვნული ტრაგედიაა” – ჯემალ გამახარია

“ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ჩიხში ექცევა: ის ან რუსეთის წინადადებას [ე.წ. საინვესტიციო შეთანხმებაზე]  უნდა დაეთანხმოს, რაც აფხაზებისთვის ეროვნული ტრაგედიაა, ან არ უნდა დაეთანხმოს, რაც ეკონომიკური კოლაფსი და იგივე ეროვნული ტრაგედიაა” – ამის შესახებ  აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ  მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამახარიამ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება შეაფასა. მისი თქმით,  აფხაზების ყოფნა – არ ყოფნის პრობლემა კვლავ რჩება.

“საუბარია იმაზე, თუ რა მოხდება ამ ე.წ. არჩევნების შედეგად, რასთან გვაქვს საქმე, რა შეიცვალა ბჟანიას გადაგდების შემდეგ. ბჟანიას გადაგდების შემდეგ პრინციპში არაფერი არ შეცვლილა. იმდენად, რამდენადაც ყველა პრობლემა, რამაც ბჟანიას გადადგომა გამოიწვია, დღემდე რჩება და არჩევნების შემდეგაც  დარჩება. საზოგადოებაში რამაც განხეთქილება,  რევოლუცია, თუ აჯანყება გამოიწვია, ის მიზეზები დღესაც არსებობს. განვითარებული მოვლენების მთავარი საბაბი აპარტამენტებთან დაკავშირებული ე.წ. საინვესტიციო შეთანხმება გახდა. რუსეთი კატეგორიულად აყენებს საკითხს, რომ ე.წ. შეთანხმება ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი. ბადრა გუნბა მოსკოვში რომ იყო, იქ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრაზე ითქვა, რომ   ე.წ. შეთანხმება რაღაცნაირად უნდა გადაიხედოს, რათა ორივე მხარის ინტერესები  გათვალისწინებული იყოს. მაგრამ ეს ცარიელი სიტყვებია. რანაირად შეიძლება, ორივე მხარის ინტერესები იყოს გათვალისწინებული, როდესაც რუსეთის მიზანია, რომ დაახლოებით 30 000-მდე აპარტამენტი რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში გადავიდეს, რაც აფხაზეთში დაახლოებით 100 000-მდე ეთნიკური რუსის ჩამოსახლებას გამოიწვევს. თუ ასე არ მოხდება, მაშინ რუსეთს ამ აპარტამენტების აშენება არ უღირს. თუ ამას გამარჯვებული კანდიდატი არ დაეთანხმება, მაშინ რუსეთი ისევ სანქციებს დააბრუნებს, რომელმაც ერთ თვეში აფხაზეთი  თავიდან ბოლომდე ჩამოშალა, იყო სიცივე, შიმშილი, უხელფასობა, სრული ეკონომიკური და პოლიტიკური კოლაფსი. ეს ვითარება შესაძლოა, დაბრუნდეს. შექმნილია ჩიხური მდგომარეობა: ამ ე.წ. არჩევნებში ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ჩიხში ექცევა: ის ან რუსეთის წინადადებას უნდა დაეთანხმოს, რაც აფხაზებისთვის ეროვნული ტრაგედიაა, ან არ უნდა დაეთანხმოს, რაც ეკონომიკური კოლაფსი და იგივე ეროვნული ტრაგედია. დაეთანხმები, არ დაეთანხმები, მაინც პრობლემაა. აფხაზების ყოფნა – არ ყოფნის პრობლემა რჩება. აი, რა ჩიხშია ეს პატარა რეგიონი და მცირერიცხოვანი ხალხი. ეს ე.წ. არჩევნები ამ პრობლემას არ ხსნის.

ბადრა გუნბას ჩათვლით ყველა ხმამაღლა აცხადებს, რომ ეს ე.წ. შეთანხმება, რომელიც შეთავაზებული იყო, მიუღებელია. მიკროსკოპული ცვლილებები თუ შევა, არაფერს არ შეცვლის, აფხაზურ საზოგადოებაში იგივე პრობლემები დარჩება. შექმნილი მდგომარეობიდან  გამოსავალი არსებობს, მაგრამ, ეს გამოსავლი არის, არა რუსულ წინადადებებზე დათანხმება, ან უარყოფა, არამედ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება. აფხაზებს თუ  გადარჩენა სურთ, ეს ერთადერთი გამოსავალია.  განვითარებული მოვლენები აფხაზური საზოგადოების დიდ ნაწილს ამაში არწმუნებს. ამ მოვლენების მთავარი მიზეზი არის იქ არა ცუდი დე ფაქტო პრეზიდენტი, ცუდი დე ფაქტო მთავრობა, არამედ არსებული ვითარება, რასაც საერთაშორისო სამართლის ენაზე ოკუპაცია ჰქვია, იქ კი ცინიკურად აფხაზეთის დამოუკიდებლობას ეძახიან. ეს მიზეზი რომ მოიხსნას დეოკუპაცია და საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებაა საჭირო. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ აფხაზური საზოგადოების დიდ ნაწილს ეს ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული” – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

მისი თქმით, ე.წ. არჩევნებში რუსეთი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელ ბადრა გუნბას მხარს აშკარად უჭერს.

“ეს ე.წ. არჩევნები ვადამდელია, მაგრამ ვადიანი   ერთ თვეში – თვე-ნახევარში მაინც უნდა ჩატარებულიყო.  ამ ე.წ. არჩევნებს წინ ცნობილი მოვლენები, ფაქტობრივად, გადატრიალება უძღოდა.  ის იძულებითი, ამ გადატრიალების შედეგია. აქედან გამომდინარე, შეიძლება,  ვადამდელი ე.წ. არჩევნები ვუწოდოთ. ორი კანდიდატია გამოკვეთილი, ერთი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი ბადრა გუნბა და მეორე ადგურ არძინბა. სულ 5 კანდიდატია, მაგრამ დანარჩენებს გამარჯვების რეალური შანსი არ აქვთ. რაც შეეხება ამ 2 კანდიდატს –  ერთია ე.წ. სახელისუფლებო, მეორე კი ე.წ. ოპოზიციის კანდიდატი, თუმცა არძინბა წინა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი გახლავთ. ფაქტობრივად, წლების განმავლობაში ეს ორი ჯგუფია ჩამოყალიბებული და ხელისუფლებისთვის ბრძოლა მათ შორის მიდის, რაც აფხაზურ საზოგადოებას ძალიან მობეზრდა, მაგრამ, ჯერჯერობით, სხვა არჩევანი არ აქვთ, ამ ორი კანდიდატიდან რუსეთი მხარს აშკარად დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელ გუნბას უჭერს, ამას მკაფიოდ ადასტურებს არა მხოლოდ განცხადებები, რომელიც რუსეთიდან კეთდება, არამედ გუნბას მოსკოვში ვიზიტიც. ის იქ 5 თებერვალს ჩავიდა, პირველი შეხვედრა ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ჰქონდა, შემდეგ მაღალი რანგის შეხვედრები დაიწყო,  ფაქტობრივად, ყველა წამყვან მინისტრს შეხვდა. კანდიდატის ასეთ დონეზე მიღებამ ყველა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ეს ადამიანი კრემლის კანდიდატი გახლავთ. ამან სოხუმში, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება გამოიწვია. მთელი რიგი განცხადებები გაკეთდა. 7 რიცხვში გუნბა სოხუმში ჩაფრინდა. ესეც წინასაარჩევნო კამპანიის  ნაწილი გახლდათ – აეროპორტში საცდელი ფრენის ჩატარება. გუნბა მოსკოვიდან თვითმფრინავით ჩადის, სტუდენტები, ჟურნალისტები ჩაჰყავთ – ეს ყოველივე საზეიმო ვითარებაში მოხდა. მაგრამ, ეს საზეიმო  ვითარება იმან ჩაამწარა, რომ შესაბამის დოკუმენტებში, რომელიც ამ ფრენასთან იყო დაკავშირებული, წერია აეროპორტი – ბაბუშერა, ქვეყანა – საქართველო. ბილეთის მაგიერ ტალონზე სოხუმი წერია. ეს რითაა გამოწვეული:  კარგად მოგეხსენებათ, რომ არსებობს  სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია “იკაო”, სადაც დაფიქსირებულია,  რომ ეს საქართველოა, სოხუმია. “იკაოს” ჯერ არანაირი ნებართვა არ გაუცია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ელემენტარული წესები დაიცვეს, დააფიქსირეს, რომ ეს აეროპორტი საქართველოში მდებარეობს. მარტო ამად  ღირდა ეს ე.წ. საცდელი ფრენა. აპარტამენტების აშენების გეგმა რომ განხორციელდეს, ამას  აფხაზეთში დიდი რაოდენობით რუსების ჩამოყვანა და იქ დასახლება მოჰყვება, ზუსტად ასევე – ამ აეროპორტის ძირითადი მომსახურე პერსონალი რუსეთიდან ჩამოდის. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ეს არა მარტო სამოქალაქო, არამედ სამხედრო აეროპორტიცაა. შესაბამისად, იქ აფხაზებს საერთოდ არ დაუშვებენ. ეს იქნება მთლიანად რუსული აეროპორტი, არა იმდენად სამოქალაქო, რამდენადაც სამხედრო. უკრაინელებს უკვე შეუძლიათ, სოჭს მისწვდნენ, როსტოვში ფაქტობრივად, აეროპორტი არ ფუნქციონირებს,  ამ პირობებში სოხუმის აეროპორტი ისევე როგორც ოჩამჩირის საზღვაო პორტი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ ამ საკითხს, დარწმუნებული ვარ, არა მარტო ჩვენი ხელისუფლება მიაქცევს დიდ ყურადღებას და აქცევს კიდეც, არამედ ამას საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროკავშირმა, ნატომ  ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან ომი დამთავრდება და ეს სამხედრო თვითმფრინავები უფრო ევროპის და ნატო-ს წინააღმდეგ იქნება მიმართული, ვიდრე ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენი საწინააღმდეგო ავიაცია მათ გუდაუთაში ისედაც ჰყავთ. ასე, რომ აქ სერიოზული სამხედრო ბაზა იქნება”- განაცხადა გამახარიამ.

შეგახსენებთ, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში   ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს არის დანიშნული.

 

თამუნა შეყილაძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები