“გამჭვირვალობის კანონს როდესაც ვიღებდით, „ენჯეოები“ ამბობდნენ, რომ კანონი მათ დახურვას გამოიწვევდა, ახლა, როცა მათი დონორი მართლა ხურავს, სად არის მათი პროტესტი, სად არის მათი განცხადებები?”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„გამჭვირვალობის კანონს როდესაც ვიღებდით, როცა აგვიჯანყეს „ენჯეოები“ და, ასე ვთქვათ, ამ კანონს ებრძოდნენ, გახსოვთ, მაშინ „ენჯეოები“ ამბობდნენ, რომ კანონი მათ დახურვას გამოიწვევს და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი, რასაც კანონი ითხოვდა, არის გამჭვირვალობა, დოკუმენტების გასაჯაროება, მეტი არაფერი, ისინი ამბობდნენ, რომ გამოიწვევს დახურვას. ახლა, როცა მათი დონორი მათ მართლა ხურავს, ამის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, სად არის მათი პროტესტი, მათი აღტყინება, სად არის მათი განცხადებები? არსად. მეორე – ამ გრანტებით თუ ასეთი კარგი საქმეები კეთდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, რატომ არ გამოჩნდა ერთი ბენეფიციარი, ერთი ორგანიზაცია, მათ შორის მსოფლიო მედიას თუ შევხედავთ, რატომ არ გამოჩნდა ერთი ხელისუფლება ამ პლანეტაზე, რომელიც იტყოდა, რატომ აკეთებს ამას აშშ, იქნებ დარჩეს „იუესაიდი“, იქნებ კვლავ გაგრძელდეს პროექტებიო. რატომ არავის წყდება გული, არცერთ ხელისუფლებას დედამიწაზე? ხომ ადევნებთ თვალყურს? გინახავთ რომელიმე ხელისუფლების გულდაწყვეტილი განცხადება, დასანანია, რომ წყდება ეს დაფინანსება და რაღაც კატასტროფა მოხდებაო? სად არიან ბენეფიციარები, სად არიან ორგანიზაციები, თავად „ენჯეობიც“ კი არ ჩივიან, ისე გამოდის მათი ამბავი“, – განმარტა პაპუაშვილმა.