“უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რომ ნამდვილი სათნოება და ნამდვილი სიკეთე არის მხოლოდ სიყვარული, ეს სიყვარული იხსნება ჩვენში მხოლოდ სიმდაბლის ღვაწლით” – მეუფე შიო
“უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რომ ნამდვილი სათნოება და ნამდვილი სიკეთე არის მხოლოდ სიყვარული… ეს სიყვარული იხსნება ჩვენში მხოლოდ სიმდაბლის ღვაწლით… მხოლოდ სიმდაბლეა ის თვისება, რომელიც მოიზიდავს სულიწმიდის მადლს და ხსნის ჩვენში სიყვარულს ღვთისადმი, სიყვარულს ადამიანისადმი”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
„დღეს თქვენ მოისმინეთ სახარებიდან იგავი მეზვერისა და ფარისევლის შესახებ, რომელიც საუკეთესოდ გადმოგვცემს ადამიანის შინაგან ცხოვრებას, გვიჩვენებს, თუ რა არის სული ადამიანისა და რა ხდება მასში.
ლუკა მახარებელი გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ ეს იგავი უთხრა იმათ, ვისაც სჯერა, რომ მართალია, სხვას კი ამცირებს. ტაძარში ერთდროულად შედის ორი ადამიანი: ფარისეველი და მეზვერე, ანუ მებაჟე. ფარისეველი შედის ტაძარში და დგება წინ, გამოსაჩენ, მისთვის ჩვეულ ადგილას. იგი ეკუთვნის მორწმუნეთა იმ რიცხვს, რომელიც საუკეთესოდ იცავდა საღვთო სჯულს, იგი ღირსეული ადამიანია, მას ეკუთვნის პატივისცემა და მიჩვეულია ამ პატივისცემას, მათ შორის, ტაძარშიც. შედის ტაძარში მეზვერეც, რომელიც, თავისი საქმიანობის გამო, არათუ არ უყვარდათ და პატივს არ სცემდნენ, არამედ სძულდათ კიდეც, იმიტომ, რომ მუდამ სცოდავდა, შეიძლება ითქვას, რომ იპარავდა, მპარავი იყო, რადგან დიდ გადასახადებს უწესებდა ადამიანებს და ნაწილს თავისთვის იტოვებდა. თქვენ გახსოვთ ალბათ ეს, რომ მეზვერეები ართმევდნენ გადასახადს რომის იმპერიისთვის, რომის სახელმწიფოსთვის, ასევე იუდეისთვის, ისრაელისთვის; მათ ასევე უფლება ჰქონდათ, თავიანთათვისაც დაეტოვებინათ ნაწილი. ამიტომ ისინი მალე მდიდრდებოდნენ და ძალიან არ უყვარდათ. აი, ეს მეზვერე, მიუხედავად ამისა, დგება ტაძარში უკან, მოკრძალებულ ადგილას და ორივე იწყებს ლოცვას.
როგორ ლოცულობს ფარისეველი? ის ღმერთს მადლობს იმისთვის, თუ როგორი ღვთისმოსავია, როგორი კეთილია: „გმადლობ შენ, უფალო, რომ არ ვარ ისეთი, როგორიც სხვები არიან: მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე. კვირაში ორჯერ ვმარხულობ. მეათედსაც ვწირავ ჩემი შემოსავლიდან, საღვთო სჯულს ზედმიწევნით ვასრულებ“. შემდეგ მოიხედავს, დაინახავს ამ მეზვერეს და იტყვის: „გმადლობ შენ, უფალო, რომ მე არ ვარ ისეთი ცოდვილი, როგორიც ეს მეზვერე“. წარმოიდგინეთ, ღმერთს მიუთითებს, როგორი ღირსეულია თვითონ და როგორი უღირსია ეს მეზვერე.
ფარისევლები მართლაც არ იყვნენ სრულიად მოკლებულნი სათნოებებს. განა ცუდია, გწამდეს ღმერთი?! განა ცუდია, საღვთო სჯულს ასრულებდე?! მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი არ გამოდის გამართლებული თავისი ლოცვის შედეგად ტაძრიდან. ეს ცოდვილი მეზვერე კი, რომელიც აცნობიერებდა თავის ცოდვებს, ინანიებდა, მკერდში მჯიღს იცემდა სინანულისგან და მხოლოდ აი, ამ მოკლე ლოცვას ამბობდა: „ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი“, – აი, ეს ადამიანი გამართლებული გამოდის ტაძრიდან.
რატომ მოხდა ასეთი რამ, ძვირფასო ძმებო და დებო? იმიტომ, რომ ჩვენი ადამიანური წარმოდგენები იმაზე, თუ რა არის სათნოება, რა არის ღვთისთვის სათნო, უფალმა იესო ქრისტემ შეცვალა, გადააფასა, სხვა სწავლება მოგვცა, ვიდრე იყო მანამდე.
თქვენ ალბათ იცით, რას ნიშნავს სათნოება. სათნოებები – ეს არის ისეთი თვისებები, როლებიც ღვთისთვის მოსაწონია და სასურველია ჩვენში. უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რომ ნამდვილი სათნოება და ნამდვილი სიკეთე არის მხოლოდ სიყვარული. ეს ის სიყვარულია, რომელიც არის ჩვენში ღვთის ხატება, მაგრამ ეს სიყვარული იხსნება ჩვენში მხოლოდ სიმდაბლის ღვაწლით, მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით, როცა ადამიანი სწავლობს თავის დამდაბლებას, როდესაც იგი არ ქედმაღლობს, ზემოდან არ უყურებს სხვებს ფარისეველივით, არ ამცირებს, არ განიკითხავს, თავის თავზე არ აქვს დიდი წარმოდგენა და არ ფიქრობს, რომ მე არ ვარ ისეთი, როგორიც სხვები, მე უკეთესი ვარო, რადგან სადაც არის ასეთი არასწორი განწყობა, იქ არ არის სიყვარული არც ღმერთისა და არც ადამიანისა. იქ, საერთოდ, არაფერი არ არის, როგორც ამბობს პავლე მოციქული, რომ რანაირი ღვაწლიც არ უნდა მქონდეს, ყველა საიდუმლოც რომ ვიცოდე, მთელი ჩემი ქონება რომ გლახაკებს დავურიგო და ჩემი სხეულიც დასაწვავად მივცე, თუ სიყვარული არ მაქვს, არაარა ვარ (1 კორ. 13, 2-3).
ე.ი. ეს ყველაფერი, სიყვარულის გარეშე, ძვირფასო ძმებო და დებო, არათუ უსარგებლოა, არამედ მავნებელიც არის. რატომ? იმიტომ, რომ კვებავს პატივმოყვარეობას, ამპარტავნებას, ქედმაღლობას, თავმომწონეობას, თავის სიყვარულს, შეყვარებულობას საკუთარი თავისადმი და სხვის დამცირებას, რაც ჰქონდა ფარისეველს, რის გამოც იგი არ გაამართლა თავის ლოცვაში და გამოვიდა ტაძრიდან ასე, როგორც ამბობს უფალი, რომ ნაკლებად გამართლდა, ვიდრე მეზვერე. მაგრამ მეზვერე გამართლდა, რატომ? იმიტომ, რომ იგი ინანიებდა, მას ჰქონდა სიმდაბლე, რომელიც მხოლოდ მოიზიდავს, მხოლოდ სიმდაბლეა ის თვისება, რომელიც მოიზიდავს სულიწმიდის მადლს და, ვიმეორებ, ხსნის ჩვენში სიყვარულს ღვთისადმი, სიყვარულს ადამიანისადმი.
ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელი იგავი გვასწავლის, თუ რა დიდი ბოროტებაა საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონა და იმის ფიქრი, რომ მე ვარ სხვაზე უკეთესი; და რა დიდი სათნოება და სიკეთეა სიმდაბლე, რომელიც ჰქონდა მეზვერეს. ამიტომაც უნდა გვახსოვდეს ყოველთვის ის სიტყვები, რომლებითაც მაცხოვარმა ეს იგავი დაასრულა: „რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, ხოლო რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს“ (ლუკა 14, 11). ამინ!“, – განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.