თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 3 თებერვლიდან, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შეხვედრები უკვე 9 სოფელში გაიმართა და 13 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

“აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობის განკარგულებით ხორციელდება.

პროგრამის ბიუჯეტი, როგორც გასულ წლებში, შერჩეული პროექტების ეფექტიანობისა და გრძელვადიანი სარგებლობის გაზრდის მიზნით მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის გადაწყვეტილებით, 100%-ითაა გაზრდილი და 956 000 ლარს შეადგენს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი დღეს სოფელ კისისხევის, შალაურისა და ნასამხრალის მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად განიხილა პროგრამით განსახორციელებელი სამუშაოები და სოფლებში მიმდინარე სხვა საკითხები.

მოსახლეობასთან კონსულტაციების საფუძველზე, მათივე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდება: სასმელი წყლის სისტემების მოწყობა/რეაბილიტაცია, გარე განათების, სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, გზების, ტროტუარების და გზის სხვა შემადგენელი ინფრასტრუქტურის, სკვერების, სპორტული სივრცეების მოწყობა და სხვა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა წლის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც მოსახლეობის აქტიური ჩართულობითა და მათი სურვილის შესაბამისად ხორციელდება. პროექტები სოფლებში, კენჭისყრის პრინციპით შეირჩევა. მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხა, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მაქსიმუმ 40 000 ლარით განისაზღვრება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები