შალვა პაპუაშვილი: არავის აქვს უფლება, გააუქმოს ქართველი ხალხის ნება – ჩვენ ზუსტად ამის მცდელობა ვიხილეთ საპარლამენტო ასამბლეაზე

არავის აქვს უფლება, გააუქმოს ქართველი ხალხის ნება. ჩვენ ზუსტად ამის მცდელობა ვიხილეთ საპარლამენტო ასამბლეაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის, რაც გუშინ საპარლამენტო ასამბლეაზე ვიხილეთ იყო „ევროპის სახალხო პარტიის“ ფარგლებში წამოყენებული ინიციატივა, რომლის შემუშავებაში ქართველი მოღალატე ოპოზიცია და უკრაინის დელეგაცია იყო ჩართული.

„ჩვენ ამასთან დაკავშირებით, ვეუბნებოდით ყველას – ჩვენი დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რომ იყვნენ ობიექტურები და სამართლიანები ქართველი ხალხის და საქართველოს მიმართ და რომ არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს დარღვეული, კერძოდ ის, რომ არავის აქვს უფლება, გააუქმოს ქართველი ხალხის ნება. ჩვენ ზუსტად ამის მცდელობა ვიხილეთ საპარლამენტო ასამბლეაზე, რომ პოლიტიკური ინტერესის მქონე ხალხმა და ჯგუფებმა და ვიცით, რომ ეს იყო „ევროპის სახალხო პარტიის“ ფარგლებში წამოყენებული ინიციატივა, რომლის შემუშავებაში ქართველი მოღალატე ოპოზიცია და უკრაინის დელეგაცია იყო ჩართული.

შეგახსენებთ, „ევროპის სახალხო პარტია“ ის ხალხია, ვინც მიხეილ სააკაშვილის ცარიელ სკამს დგამდა თავი კონფერენციაზე და მწამებლის მხარდამჭერია. ეს ის უკრაინული დელეგაციაა გონჩარენკოს ხელმძღვანელობით, რომელსაც უნდოდა, რომ ჩვენ საზარბაზნე ხორცად გამოვეყენებინეთ, ჩავერთეთ ომში და მოგვიწოდებდნენ, რომ რამენაირად რუსეთის მზერა უკრაინიდან საქართველოში გადმოგვეტანა და აქ გვქონოდა გამართული ბრძოლა. ეს ის მოღალატე ოპოზიციაა, რომელიც ამ ყველაფერში იყო აყოლილი. ასე რომ, შეიკრა ანტიქართული კოალიცია ამ მხრივ და ჩვენ ვნახეთ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება იყო მიღებული. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გასაგები იყო ჩვენი დელეგაციის გადაწყვეტილებაც – როდესაც ცდილობენ, რომ გააუქმონ ქართველი ხალხის ნება, წაშალონ 1 120 000 ადამიანის ნება, ეს სცდება ყველანაირ წარმოდგენას, რასაც ეფუძნება საპარლამენტო ასამბლეა. სანამ არ იქნება სამართლიანი მოპყრობა ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს მიმართ, ამ საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს მონაწილეობას და შესაბამისი დელეგაციაც გამოწვეული იქნება”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები