დიმიტრი ხუნდაძე: „დიფ-სთეითის” დამარცხება სიმშვიდის საფუძველია, მაგრამ თუ ეს მოხდა პირიქით, მაშინ პროცესები გართულდება
„თუ ამერიკა დაამარცხებს „დიფ-სთეითს”, ეს იქნება სასარგებლო არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის,” – განაცხადა მედიასთან საუბრისას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის” ხელმძღვანელმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, ამით „დიფ-სთეითთან” ბრძოლა არ დასრულებულა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ „დიფ-სთეითთან” ბრძოლას დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
„ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები დონალდ ტრამპის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ბრძოლა „დიფ-სთეითის” წინააღმდეგ ამერიკაში ამით არ დასრულებულა. თავად ტრამპმა განაცხადა, რომ „დიფ-სთეითი”, რომელიც აქამდე პროცესების ძირითადი მმართველი იყო, დღესაც საკმაოდ გავლენიანი და მძლავრია. ტრამპმა „დიფ-სთეითის” წინააღმდეგ პრაქტიკულად ღიად გააკეთა განცხადება.
რა თქმა უნდა, „დიფ-სთეითთან” ბრძოლას სჭირდება დიდი ძალისხმევა. ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები კი დასრულდა ტრამპის გამარჯვებით, მაგრამ „დიფ-სთეითთან” ბრძოლა, როგორ დასრულდება ეს ჯერ კიდევ არავინ არ იცის.
თუ ამერიკა დაამარცხებს „დიფ-სთეითს”, ეს იქნება სასარგებლო არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის. „დიფ-სთეითის” დამარცხება სიმშვიდის საფუძველია, მაგრამ თუ ეს მოხდა პირიქით, მაშინ პროცესები გართულდება
ევროპა საუბრობს საქართველოს თავისუფლების ხარისხზე, ამბობენ, რომ დემოკრატიის უკუსვლაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ევროპა თავად კარგავს სუვერენიტეტს. სწორედაც რომ საქართველოსთან მიმართებით ევროსაბჭოს გადაწყვეტილება იყო მიმანიშნებელი იმისა, რომ ევროპაში დემოკრატიას ძალიან უჭირს და ამაზე მხოლოდ ქართველი პოლიტიკოსები არ ვსაუბრობთ, არამედ თავად ევროპული ქვეყნების ლიდერებიც საუბრობენ.
პოლიტიკური ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის. მთავარია უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში ომი დასრულდეს. ვფიქრობ პროცესი უკვე დაწყებულია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკას გასაკეთებელი არაფერი არ დარჩა,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.